ახალი ამბები

სააპელაციოში კეზერაშვილის საქმის განხილვა დასრულდა, კოლეგია სათათბიროდ გავიდა

27 თებერვალი, 2023 •
სააპელაციოში კეზერაშვილის საქმის განხილვა დასრულდა, კოლეგია სათათბიროდ გავიდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროსა და დავით კეზერაშვილს შორის დავაზე სასამართლო განხილვა დასრულდა და მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა.

საქმე ეხება სამოქალაქო დავას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილისგან ზიანის — 5.06 მილიონი ევროს ანაზღაურებას ითხოვს. როგორც კეზერაშვილის ადვოკატები ამბობენ, თავდაცვის სამინისტროდან კეზერაშვილისთვის 5 მილიონი ევროს დაკისრების მოთხოვნას ერთადერთი მიზანი აქვს — მისთვის ტელეკომპანია „ფორმულას“ ჩამორთმევა.

გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ამ დროისთვის უცნობია. როგორც კოლეგიის ხელმძღვანელმა, მოსამართლე ოთარ სიჭინავამ განაცხადა, მხარეებს წინასწარ ეცნობებათ გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი.

დავით კეზერაშვილსა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ალექსანდრე ნინუას „ქართული ოცნების“ მმართველობისას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის მუხლებით.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP-ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.

კეზერაშვილი და ნინუა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა გაამართლეს. თუმცა, საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ გაამტყუნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა დამნაშავედ ცნეს. დავით კეზერაშვილის 5 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.

თავდაცვის სამინისტროს თქმით, ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული პირების მიმართ სამოქალაქო სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამინისტროზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

დავით კეზერაშვილი ამჟამად საქართველოში ფლობს ტელეკომპანია „ფორმულას“ წილის 51%-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი