ახალი ამბები

ჩემი თანამებრძოლები იქ იქნებიან, პირადად მე — არა: გახარია 24 თებერვლის აქციაზე

24 თებერვალი, 2023 • 1767
ჩემი თანამებრძოლები იქ იქნებიან, პირადად მე — არა: გახარია 24 თებერვლის აქციაზე

პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც 24 თებერვალს თბილისში იგეგმება, მისი მხარდამჭერები და კოლეგები მივლენ, თუმცა თავად — არა. აღნიშნულის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

“კონკრეტულად მე ამ აქციაში ვერ მივიღებ მონაწილეობას სხვადასხვა მიზეზის გამო, არ მინდა ამის ახსნა, თუმცა ჩვენი მხარდამჭერები, რომლებიც იმ დღეს ქალაქში იქნებიან, ყველანი იქნებიან ამ აქციაზე, უმრავლესობა მათგანი”, — დასძინა მან.

გახარიას სიტყვებით, მის პარტიას არ სჭირდება იმის მითითება, როგორ დაუჭიროს მხარი უკრაინელი ხალხის ბრძოლას:

“თუ სამართლიანად მივუდგებით, შეგიძლიათ, პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლების საქმიანობა ნახოთ: უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციები როგორ ინიციირდებოდა და ა.შ.

მერწმუნეთ, რომ უკრაინელ ხალხს ბევრად უფრო ეფექტურად სხვა ფრონტებზე ვუჭერ მხარს. ვინც ეს უნდა იცოდეს, ძალიან კარგად იციან მათ ეს”.

მანვე თქვა, რომ 24 თებერვლის აქცია “ნორმალურ ფარგლებში” უნდა დარჩეს.

“ბევრი იდეა იყო, რომ იქ რაღაც — “დავამთავრებთ”,  იქ რაღაც — “ეროვნული მოძრაობა” და ათასი სისულელე. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ეს ყველაფერი გაიარეს [აქციის ორგანიზატორებმა], მოვიდნენ აზრზე და სწორად არტიკულირებენ ამ აქციის მიზნებს.

ეს არის უკრაინის ბრძოლის მხარდამჭერი აქცია და, რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგები და ჩემი თანამებრძოლები იქ იქნებიან”, — დასძენს გახარია.

მანამდე, გახარიას პარტიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ აქციაზე მისვლას აპირებს. რაც შეეხება მის პარტიას, ლილუაშვილის თქმით, აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდუალურად მიიღებს.

უკრაინისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართება 24 თებერვალს, 19:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან. დემონსტრაცია ეძღვნება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავს.

აქციაზე დაიწყება საქველმოქმედო მარათონი უკრაინული ფონდისთვის UNBROKEN, რომლის მთავარი მიზანია აფეთქებებისგან დაშავებული სამხედროების, ქალების და ბავშვების პროთეზებისთვის ფულის შეგროვება.

აქცია 1 თვის წინ, 23 იანვარს, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ და საზოგადოების წარმომადგენლებმა დააანონსეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი