საზოგადოება

“ვიწყებთ ბრძოლას, რომ ამოვიდეთ ამ წუმპიდან” — 24 თებერვალს თბილისში აქცია იგეგმება

23 იანვარი, 2023 • 3048
“ვიწყებთ ბრძოლას, რომ ამოვიდეთ ამ წუმპიდან” — 24 თებერვალს თბილისში აქცია იგეგმება

რამდენიმე ოპოზიციური პარტია და საზოგადოების წარმომადგენლები 24 თებერვალს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციის მოწყობას გეგმავენ. მათი თქმით, შეკრების მიზანი იქნება როგორც უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვა, ისე საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის დაფიქსირება.

23 იანვარს თბილისის პირველ სკოლასთან გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკოსებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პროცესს, რომლის შესახებაც ისაუბრეს, გააგრძელებენ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავზე გამართული აქციის შემდეგაც.

თადარიგის პოლკოვნიკის, აკია ბარბაქაძის თქმით, “აქციები იქნება მზარდი”.

“ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას… ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით. მოხდება გათავისუფლება კოლაბორაციონიზმისაგან. მიტაცებული ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს”, — დასძინა მან. მხატვარმა გია ბუღაძემ კი თქვა:

“რეალობა ის არის, რომ ქვეყანას ვკარგავთ. პირდაპირ ვბარდებით რუსეთს და რუსეთთან ურთიერთობა სიბნელესთან, გაუტანლობასთან, ტყუილთან ურთიერთობაა”.

პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას სიტყვებით, “24 თებერვალი, როცა რუსული იმპერია კიდევ ერთხელ თავს დაესხა დამოუკიდებელ ქვეყანას, უკრაინას, ეს არის წყალგამყოფი, სადაც იყოფა ცივილიზებული, მომავლის ქვეყნები და წარსულის და ბოროტების რუსეთი, რომელსაც არ აქვს პერსპექტივა”.

“ამ წყალგამყოფში საქართველოს სათქმელი აქვს თავისი სიტყვა. წელს ჩვენ ეს სიტყვა ვთქვით: ვთქვით, რომ ამ ქვეყნის სრული უმრავლესობა დგას უკრაინელების, ევროპული მომავლის, ღირსების, მორალის გვერდით.

…ოღონდ ეს არჩევანი მისაყვანი გვაქვს ბოლომდე და 24 თებერვალს აქ, რუსთაველზე, კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ, რომ მიუხედავად ჩვენი კამათებისა, შეცდომების, განსხვავებებისა, კრიტიკულ მომენტში ვდგებით და ერთად ვამბობთ: საქართველოს აქვს ევროპული განვითარების მომავალი და საქართველო არ წავა წარსულში”, — დასძინა მან.

ბრიფინგზე ისაუბრეს “სტრატეგია აღმაშენებლის” და “გირჩი — მეტი თავისუფლების” ლიდერებმა, გიორგი ვაშაძემ და ზურაბ ჯაფარიძემაც.

ვაშაძის სიტყვებით, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას სურს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არჩევანი, რომელიც გულისხმობს “ძლიერი საქართველოს იდეას ევროპულ და დასავლურ ცივილიზაციასთან [ერთად]”.

“[24 თებერვალს] შევიკრიბოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში ერთმანეთს გავაგონოთ, რომ არანაირი დეზინფორმაცია ჩვენზე არ მუშაობს და ჩვენი ურყევი ნება ძლიერი, ერთიანი საქართველოს მშენებლობისა ევროპასთან და ევროატლანტიკურ ალიანსთან ერთად, არ გადაიხედება არასდროს.

მეორე, შევიკრიბოთ იმისთვის, რათა უკრაინელ ხალხს ვუთხრათ, რომ როგორც მედგრად ჩვენი გმირი ბიჭები ყოველდღიურად თქვენთან ერთად იბრძვიან, ასე მედგრად ამაყი და მამაცი ქართველი ერი დგას თქვენ გვერდით.

მესამე და ყველაზე მნიშვნელოვნი: ჩვენი გმირების პატივისცემისთვის შევიკრიბოთ. იმ გმირების პატივისცემისთვის, რომლებსაც დღენიადაგ შეურაცხყოფას აყენებს “ქართული ოცნება” , — დასძინა ვაშაძემ და დაამატა:

“ჩვენ ვიწყებთ პროცესს, რომელიც მივა დიდ გამარჯვებამდე. გზა რთულია, ეკლიანია, თუმცა ამ გზას ჩვენი ერთიანობით მივიყვანთ საბოლოო გამარჯვებამდე”.

ზურაბ ჯაფარიძის სიტყვებით, “დღეს ვცხოვრობთ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ სამარცხვინო ფურცელზე” და “24 თებერვალს რაც უნდა დაიწყოს აქ, არის საქართველოს ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცლის გადაშლა”.

“ეს პროცესი არის დასაწყები, ამ პროცესს სჭირდება ერთობა… 24 თებერვალს ყველანი ვიკრიბებით აქ და ვიწყებთ ბრძოლას, რომ ამოვიდეთ ამ წუმპიდან”, — აღნიშნა მან.

ბრიფინგზე მისულთა შორის ასევე იყვნენ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი გიგი გიგიაძე, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ივერი მელაშვილი, თეოლოგი ლელა ჯეჯელავა, პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი