ახალი ამბები

ეუთოს სესია მრავალმა დელეგატმა, მათ შორის საქართველოს დელეგაციამ, რუსეთისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა

24 თებერვალი, 2023 •
ეუთოს სესია მრავალმა დელეგატმა, მათ შორის საქართველოს დელეგაციამ, რუსეთისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა

ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის [OSCE) საპარლამენტო ასამბლეის სესია, რუსეთის მონაწილეობის გამო, პროტესტის ნიშნად დატოვა დელეგატთა დიდმა ნაწილმა, მათ შორის საქართველოს დელეგაციაც იყო.

სესიაზე, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის წლისთავზე ვენაში იმართება, რუსეთის წარმომადგენელთა დასწრება არაერთგზის გააკრიტიკეს. ამის გამო უკრაინელმა და ლიეტუველმა დელეგატებმა პროცესს თავიდანვე ბოიკოტი გამოუცხადეს.

მრავალმა დელეგატმა, რომლებიც შეხვედრაზე მივიდნენ, პროტესტი რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლის გამოსვლისას დააფიქსირეს: იმ დროს, როცა დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ დჟარბანოვი სიტყვისთვის ემზადებოდა, სესიის მრავალმა მონაწილემ დარბაზი დატოვა.

ამასთან, დარბაზში გადაღებულ კადრებში ჩანს ბელარუსის წარმომადგენლის, ანდრეი სავინიუხის გამოსვლის მომენტი, როცა ორმა დელეგატმა მის ზურგს უკან უკრაინის დროშა ააფრიალა.

მათ შორის, ვინც სესიაზე რუსეთის ყოფნა გააპროტესტეს, ლატვიელი დელეგატი, რიჰარდს კოლსი იყო. მან თქვა:

“ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ვიცავთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს. ასე არ არის. ამ ოთახში ზის სპილო, სახელად რუსეთის ფედერაციის დელეგაცია.

მოწმე რომ ვიყო და ვინმემ მკითხოს, თუ ვინ არის ომის დამნაშავე, ამ ოთახში, უკანა სკამებისაკენ მივუთითებდი. ეს უბრალოდ სირცხვილია. სირცხვილია, რომ ეს დელეგაცია აქ არის: სანქცირებული პირებისაგან შემდგარი დელეგაცია, რომელთაც დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიის სასარგებლოდ მისცეს ხმა: დონბასის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ლუგანსკის.

ეს ინსტიტუცია ამ პრინციპების დაცვის გარანტიას იძლეოდა. ჩვენ კი ისე ვსხედვართ, თითქოს არაფერი მომხდარა!” — დასძინა დელეგატმა, რომელმაც ასე დაასრულა თავისი სიტყვა:

“გამოვიყენებ მომენტს – და წინასწარ ბოდიშს ვიხდი, ბატონო თავმჯდომარევ. მე გადავცემ გზავნილს ამ ოთახში მჯდომ რუსეთის დელეგაციას და მოვიყვან უკრაინელი მესაზღვრეების ციტატას: რუსულო სამხედრო ხომალდო, იდი ნახუი!”.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ რუსეთის დელეგაციისადმი პროტესტის ნიშნად დარბაზი ქართველმა დელეგატებმაც დატოვეს.

უკრაინის დელეგაციაში, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა სესიას, აღნიშნეს, რომ “ისინი[რუსები] არ არიან დაინტერესებულნი დისკუსიით, დიალოგით. ისინი მხოლოდ პროპაგანდისთვის მოდიან”.

“მიუღებელია, შეხვედრას დავესწროთ იმ ხალხთან ერთად, რომელიც პასუხისმგებელია, რომელმაც ხმა მისცა ომს”, — ციტირებს “დოიჩე ველე” მიკიტა პოტურაიევს.

თებერვლის დასაწყისში, სესიის მასპინძელი ქვეყნის, ავსტრიის მთავრობას წერილით მიმართა 19-მა ქვეყანამ, რომელმაც ასევე გააპროტესტა რუსეთის დელეგაციის მონაწილეობა.

თავის მხრივ, ავსტრია ამბობს, რომ ვერ აუკრძალავდა რუსეთის დელეგაციას ქვეყანაში შესვლას “საერთაშორისო კანონიდან გამომდინარე”, ვინაიდან ეუთოს შტაბ-ბინა ვენაში მდებარეობს.

“თარიღი ძალიან სამწუხაროა”, — თქვა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა ომის წლისთავთან დაკავშირებით ტელეარხ ORF-თან საუბრისას.

“მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ გვჭირდება პლატფორმები”, — დაამატა მან.

შეხვედრის დაწყებამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მარგარეტა სედერფელტმა თქვა, რომ სესია რუსული პროპაგანდის პლატფორმა არ გახდებოდა.

ეუთოში რუსეთის დელეგაციის თავმჯდომარეა რუსეთის დუმის ქვედა პალატის ვიცე-სპიკერი, რომელიც ამჟამად საერთაშორისო სანქციების ქვეშაა.

გასულ წლებში დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიების მასპინძელმა ქვეყნებმა, რუსეთის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე უარი თქვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი