ახალი ამბები

თბილისში აღსრულებამ იძულებით გამოასახლა გიგაურების 8-სულიანი ოჯახი

23 თებერვალი, 2023 • 1625
თბილისში აღსრულებამ იძულებით გამოასახლა გიგაურების 8-სულიანი ოჯახი

დღეს, 23 თებერვალს, თბილისში, არდაზიანის ქუჩაზე, კერძო სახლში მცხოვრები ოჯახი აღსრულების პოლიციამ იძულების წესით გამოასახლა. კადრების მიხედვით, ძალოვნებმა სახლის კარი უროთი შეამტვრიეს და არაერთი ადამიანი დააკავეს.

ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ლაშა გიგაურის თქმით, სახლში რვა სული ცხოვრობდა, საიდანაც ორი არასრულწლოვანია, ორი კი — ხანდაზმული.

“საქართველოში ვარ. შეიძლება ტყეში წავიდე და დავჯდე, ქუჩაში დავჯდე სადმე, დავსვა ბავშვები, შვილიშვილები, ავადმყოფი მამა… ჩემს ქვეყანაში ვარ, მაგრამ საკუთარი ოჯახიდან რომ გამოგასახლებენ ამ ზამთარში, ეს არის ყველაზე დიდი ვანდალიზმი”, — დასძენს გიგაური, რომლის თანახმადაც მისი ოჯახი ხსენებულ სახლში 2015 წლიდან ცხოვრობდა.

სახლის კარი შიდა მხრიდან ავეჯით იყო ჩახერგილი, თუმცა აღსრულების პოლიციამ ხის კარი უროთი დაამტვრია და ასე მოახერხა იქ შესვლა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანახმად, ადმინისტრაციული წესით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, 5 ადამიანი დააკავეს.

გიგაურების ოჯახის ადვოკატების ინფორმაციით, გამოსახლების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღსრულების გადავადების მოთხოვნა.

მათი თქმით, შეჩერების საფუძველი არსებობდა, ვინაიდან პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ქონებას ყადაღა ადევს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ იპოთეკარს, რომელთანაც ოჯახს ჰქონდა ურთიერთობა, უძრავი ქონება “დანაშაულებრივი გზით აქვს მოპოვებული”.

“მიმდინარეობს უკანონო გამოსახლება. ჩვენი უფლებები შეიზღუდა — როგორც იურისტების, ისე ლაშა გიგაურის, ვინაიდან მის ინტერესებს ვიცავთ.

შიგნით შესვლის უფლება არ მოგვცეს, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მინდობილობა და რწმუნებულება, ვართ სამართლებრივ ურთიერთობაში ამ ადამიანთან” ,— უთხრა “ფორმულას” ოჯახის ინტერესების დამცველმა.

როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში “ნეტგაზეთს” ეუბნებიან, საქმე ბიუროში 2020 წლის მარტში შევიდა, საფუძველი კი იყო 2019 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღმსრულებლო ფურცელი, რომლის მიხედვითაც “ეს ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მის ახალ მესაკუთრეს”.

პანდემიის პირობებში აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ნაწილი, მათ შორის, ადამიანების გამოსახლების პროცესი, შეჩერებული იყო. ამასთან, პრესსამსახურის ცნობით, გამოსახლება ერთხელ უკვე გადაიდო “მორალური პრინციპების საფუძველზე, “რითაც დამატებითი დრო მიეცათ მხარეებს ერთმანეთთან შეთანხმებისა და მოლაპარაკებისთვის, რომ მორიგებით დასრულებულიყო საქმე”.

“ასევე, საქმეში ჩართული როგორც მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური, ისე სოციალური მუშაკები. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში მიდიოდა კომუნიკაცია მხარეებთან და იმართებოდა შეხვედრები იმისთვის, რომ როგორმე გამოენახათ საერთო ინტერესები და შემდგარიყო მორიგება.

“ბოლო შეხვედრა გუშინაც კი გაიმართა, თუმცა ამ 3 წლის განმავლობაში მხარეებმა ერთმანეთთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს”, — დასძენენ უწყებაში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ ფაქტს, რომ სასამართლომ ოჯახის ინტერესების დამცველებს უარი უთხრა აღსრულების შეჩერებაზე. რაც შეეხება პროკურატურაში აღძრულ სისხლის სამართლის, პრესსამსახურის თქმით, ეს ფაქტი არ აჩერებს გამოსახლების პროცესს ავტომატურად.

“მესაკუთრის ქონებას ადევს ყადაღა და არა მოვალის ქონებას. აქ არის განსხვავება. ეს სახლი არის კრედიტორის ქონება და არა მოვალის ქონება”, — გვეუბნებიან ბიუროში.

უწყებაში ამბობენ, რომ აღსრულების პოლიციის უფლებამოსილებები კანონითაა გაწერილი და გიგაურების ოჯახის გამოსახლების პროცესი კანონის ფარგლებში განხორციელდა.

გარეკანის ფოტო: სქრინები “ტვ პირველის” ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი