ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“დასავლეთი ცდილობს განდევნოს რუსეთი სამხრეთ კავკასიიდან”

22 თებერვალი, 2023 • 1960
“დასავლეთი ცდილობს განდევნოს რუსეთი სამხრეთ კავკასიიდან”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა კვლავ უკმაყოფილებას გამოთქვამს სომხეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 2- წლიანი მანდატით განთავსების შესახებ.

“მისიის მიზანია ევროკავშირის ზოგადი პოლიტიკა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. სამწუხაროდ, არ არის ეს პირველი შემთხვევა ევროკავშირისა და დასავლეთის სწრაფვისა, ნებისმიერი საშუალებებით გამაგრდნენ ჩვენს მოკავშირე სომხეთში. ეს არის გეოპოლიტიკური ზრახვები, რომელიც არ ემსახურება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის დამყარებას. ყველაფერი კეთდება რუსეთის გამოსადევნად რეგიონიდან და მისი ისტორიული როლის, როგორც უსაფრთხოების გარანტის შესასუსტებლად”, – აცხადებს ზახაროვა.

მისი თქმით, რეგიონში მხოლოდ რუსეთია სტაბილურობისა და სიტუაციის გაჯანსაღების რეალური გარანტი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 100 წარმომადგენელი, რომელთა შორის 50 არ არის შეიარაღებული, სომხეთში ორწლიანი მანდატით ჩავიდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხანგრძლივად განთავსების გადაწყვეტილება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან (EU Mission in Armenia/EUMA) 23 იანვარს მიიღეს.

ევროკავშირის ოფიციალური განცხადების შესაბამისად, მისიის მიზანია სომხეთის სასაზღვრო რაიონებში სტაბილურობის ხელშეწყობის, ნდობის აღდგენისა და კონფლიქტით დაზარალებული რაიონების ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, ასევე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა.


2022 წლის სექტემბერში ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი შეტაკების შემდეგ, პრაღაში ოთხმხრივი შეხვედრისას, მხარეებს შორის საუბარი იყო ევროკავშრის სადამკვირვებლო მისიის სომხეთში განთავსებაზე. მალევე ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ უპასუხა სომხეთის მოთხოვნას და სიტუაციის მონიტორინგისა და სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების სტაბილიზაციის მხარდაჭერის” მიზნით ვროევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სომხეთში გაიგზავნა. შემდეგ კი მისიის ხანგრძლივი დროით განთავსების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

ევროკავშირის მისიის განთავსებას სომხეთის ტერიტორიაზე მოსკოვი და ბაქო ეწინააღმდეგებოდნენ.

რამდენიმე კვირის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საფრთხეების შესახებ ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის [EUMM] სომხეთში გრძელვადიანად განთავსების შემთხვევაში.

“იმის მიუხედავად, რომ მოკავშირეები ვართ და ОДКБ-ს [„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“] მისია სრულიად მზადაა, სომხური მხარე გრძელვადიანი მონიტორინგისთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებას ამჯობინებს. ეს არის აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს და, სავარაუდოდ, თუ ეს მისია აზერბაიჯანის თანხმობის გარეშე განთავსდება, შეიძლება ის კონტრპროდუქტიული იყოს: ნდობის გამყარების ნაცვლად, შესაძლოა ამან საზღვარზე შექმნას დამატებითი გამღიზიანებლები”.

მოსკოვის პარალელურად, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებისა და ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის პირდაპირ კომუნიკაციისა და დიალოგის ორგანიზებას უწევენ ევროსტრუქტურები და ევროპელი ლიდერები. დასავლეთის ჩართულობა კონფლიქტის მოგვარებაში, განსაკურებით უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ, გაიზარდა. ამასთან, სომხეთში ОДКБ-ს წევრობის შენარჩუნების საკითხი პოლიტიკური დისკურსის მთავარ თემად რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი