11 000 000 ლარი ჩარიცხა საარჩევნო კამპანიის პირველივე თვეში, აპრილში, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის საარჩევნო კამპანიის ანგარიშზე.
მმართველმა პარტიამ საარჩევნო ფონდის შუალედური ანგარიში 7 მაისს წარადგინა ცესკოში. ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდისთვის საარჩევნო კამპანიის ანგარიშზე, თავად პარტიის მიერ ჩარიცხული 11 მილიონის გარდა, შესულია არაფულადი შემოწირულობები 2 მოქალაქისგან, რომლის საერთო ღირებულება 523 ლარია.
შუალედურ ანგარიშში „ნაციონალურ მოძრაობას“ ხარჯები მითითებული არა აქვს. საარჩევნო კოდექსი არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს ავალდებულებს, საარჩევნო კამპანიების ფულადი სახსრების ანგარიში წარუდგინონ ცესკოს, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. ხოლო იმ საარჩევნო სუბიექტებმა, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით შეაგროვეს ხმების სათანადო რაოდენობა, საარჩევნო ადმინისტრაციას ანგარიშები უნდა წარუდგინონ კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 8 დღისა.
ასე რომ, პარტიებმა, რომლებმაც წინასწარი შედეგებით გაიმარჯვეს ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში, ცესკოს წინასაარცევნო კამპანიის ხარჯების ანგარიშები 8 ივნისამდე უნდა წარუდგინონ.
მანამდე კი კოდექსის მიხედვით, პარტიებმა საარჩევნო ადმინისტრაციას თვეში ერთხელ უნდა წარუდგინონ მონაცემები, საარჩევნო კამპანიისთვის გახსნილი ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების შესახებ.
ასეთი შუალედური მონაცემები 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს უკვე წარდგენილი აქვთ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, ანგარიშის მიხედვით, 11 მილიონი ლარი ფონდის ანგარიშზე 12 აპრილს ჩარიცხა. 8 ივნისს გახდება ცნობილი, წინასაარჩევნო კამპანიის დროს კიდევ რამდენი თანხა ჩაირიცხა ამ პოლიტიკური სუბიექტის ანგარიშზე, დახარჯა თუ არა სრულად ეს თანხა „ნაციონალურმა მოძროაბამ“ და რაში.
საარჩევნო ბლოკმა ”ალიანსი საქართველოსთვის“ (ი.ალასანია, ს.სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ.გამყრელიძე, ს.ზურაბიშვილი ) შუალედური ანგარიში ცესკოს 19 მაისს წარუდგინა. ამ დროისთვის ბლოკის საარჩევნო კამპანიის ანგარიშზე სულ 74 ათას 526 ლარი იყო ჩარიცხული. „ალიანსს“ თანხები ორმა იურიდიულმა და 27–მა ფიზიკურმა პირმა ჩაურიცხეს. იურიდიულ პირებში შედიან „ალიანსში“ შემავალი პარტიები – რესპუბლიკური პარტია– 8.500.00 ლარი და ახალი მემარჯვენეები:– 3500 ლარი.
„ალიანსს“ ამ პერიოდისთვის წარდგენილი აქვს მონაცეები ხარჯების შესახებაც. ამ მონაცემების მიხედვით, „ალიანსმა“ სარეკლამო რგოლებში 25 ათასზე მეტი, ხოლო ბეჭდურ მასალებში 55 ათასზე მეტი ლარი დახარჯა.
საარჩევნო ბლოკმა ”ეროვნული საბჭო” ანგარიში ცესკოს 20 მაისს წარუდგინა. ამ პერიოდისთვის შემოწირულობების რაოდენობა ამ საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ანგარიშზე 117 307 ლარს შეადგენდა, ხარჯები კი– 103 467 ლარს.
ეროვნული საბჭოს ანგარიშზე მაისში მოძრაობას ”სამართლიანი საქართველოსთვის” ხუთჯერ აქვს თანხა გადარიცხული – სულ 108 ათას 567 ლარი. დანარჩენი თანხა ფიზიკური პირების შემოწირულობებია. 7 ათასი ლარი აქვს ჩარიცხული „ევროვნული საბჭოსთვის“ შოთა ბურჯანაძეს, რომელიც ნოღაიდელის პარტიის თავმჯდომარეა ქუთაისში. 15 ათასი ლარი კი გია ნაცვლიშვილს, რომელიც ნაძალადევის რაიონში „ეროვნული საბჭოს“ მაჟორიტარი კანდიდატი იყო.
20 მაისს წარუდგინა ცესკოს შუალედური ანგარიში საარჩევნო სუბიექტმა ”გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, ქრისტიან -დემოკრატები”. ამ დროისთვის საარჩევნო ფონდის ანგარიშზე თავად პარტიამ 38705.32 ლარი ჩარიცხა, ხოლო ფიზიკურმა პირმა ლევან ჯაფარიძემ –10 ათასი ლარი.
შუალედური ანგარიშები მაისში წარადგინეს „თოფაძე-მრეწველებმა“ და საარჩევნო სუბიექტმა ”ივანიშვილი-დემოკრატები”. პირველის ანგარიშზე თავად პარტიამ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ჩარიცხა 7 ათასი ლარი, ხოლო ივანიშვილის საარცევნო ფონდის ანგარიშზე, 13 მაისის მონაცემებით, 32500.50 ლარი იყო ჩარიცხული.
შეგახსენებთ, ეს არის ცესკოსთვის წარდგენილი შუალედური მონაცემები. საბოლოო ანგარიშები კი არჩევნებში წინასწარი მონაცემებით გამარჯვებულმა პარტიებმა ცესკოს 8 ივნისს უნდა წარუდგინონ.