ახალი ამბები

„ამერიკულ ვარიანტს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება“ – მდინარაძე „ხალხის ძალის“ ინიციატივაზე

21 თებერვალი, 2023 • 932
„ამერიკულ ვარიანტს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება“ – მდინარაძე „ხალხის ძალის“ ინიციატივაზე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია მხარს არ დაუჭერს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კიდევ ერთ კანონპროექტს, რომლის ინიცირებასაც „ხალხის ძალა“ აპირებს და ამბობს, რომ ის ამერიკული კანონმდებლობის [FARA] ზუსტი ასლი იქნება.

„მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილსა და გადმოკოპირებულს, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება[…] მართლაც ძალიან მკაცრია, ძალიან ხისტია და შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან. ამდენად მკაცრი კანონმდებლობა ამ სფეროში მე მგონია, რომ მართლაც დააზიანებს NGO სექტორის ინტერესებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


„ხალხის ძალის“ განცხადებით, პარლამენტში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კიდევ ერთ კანონპროექტს წარადგენენ, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონმდებლობის [FARA] ზუსტი ასლი იქნება.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, როდესაც მსგავსი კანონპროექტის ინიციირება გადაწყვიტეს, კონსულტაცია გაიარეს საპარლამენტო უმრავლესობასთან. ხუნდაძის თქმით „ხალხის ძალას“ თავიდანვე სურდა ამერიკული კანონის ანალოგის პარლამენტისთვის წარდგენა, თუმცა უმრავლესობის სხვა წევრებმა შესთავაზეს, უფრო „ლიბერალური კანონი“ განეხილათ.

რა ხდება

მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.

ის, რასაც კანონპროექტის ავტორები და მხარდამჭერები “გამჭვირვალობის” საჭიროებით ხსნიან, გულისხმობს შემდეგს: ნებისმიერი მედიასაშუალება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური დაფინანსებაა, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს.

საყურადღებოა, რომ კანონპრპექტი არ ეხება მთავრობას, რომელმაც ბოლო 10 წელიწადში, ჯამში, 2.8 მილიარდი ლარის გრანტი მიიღო უცხოეთიდან. ანუ სამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც მიიღებენ უცხოეთიდან დაფინანსებას/გრანტებს, მაგრამ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მთავრობა არ იქნება ვალდებული “აღიაროს”, რომ სხვა ქვეყნის აგენტია.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “ხალხის ძალის” ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” რეესტრში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი