„შემირცხვენია იმ ქვეყნის უსაფრთხოება, რომელსაც ჰგონია, რომ მის ქვეყანაში რომელიმე ქვეყანა აგენტურულ ქსელს აბამს და იმას ელოდება, რომ აგენტი მივა და დაწერს, აგენტი ვარო“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს, 21 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ამით ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლითაც „უცხოური გავლენის აგენტად“ მიიჩნევა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა დაფინანსებული.
ნაცვლიშვილმა სიტყვით გამოსვლის დასაწყისში პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ თავადაც „ყოფილი დამსახურებული აგენტია“, რადგან პაპუაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) 10 წელზე მეტი მუშაობდა.
„ახლა რაც შეეხება ამ კანონს, აქ ოჩიგავას საქმეზე რომ ლაპარაკობდით, შემთხვევით ხომ არ მოგიკითხავთ, ვინ მოიგო, ვინ მუშაობდა ამ საქმეზე, ისევე, როგორც ნაწამები პატიმრებისა და დაჩაგრული ადამიანების საქმეებზე წლების განმავლობაში. ზუსტად ის ხალხი მუშაობდა, რომელთაც ახლა თქვენ უპირებთ, უცხო ქვეყნის აგენტები დაარქვათ და შემდეგ ქუჩებში მიუქსიოთ თქვენი ტიტუშკები. აი, ეს არის სცენარი.
თქვენ, ბატონო შალვა, ძალიან კარგად იცით, რომ თითოეული თეთრი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები, აქტივისტთა ჯგუფები, მოქალაქეები იღებენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომლისგანაც თქვენ ბიუჯეტში იღებთ მილიონობით თანხას და იგივე პარტნიორები აფინანსებენ ჩვენს თავდაცვას, ჯანდაცვას, განათლებას, გელათის რეაბილიტაციას და ა.შ. აი, ის თანხები იხარჯება გამჭვირვალედ და როგორც დონორები, ისე სახელმწიფო, სრულ ინფორმაციას ფლობს, ვისგანაც მოდის ეს თანხები.
შემირცხვენია იმ ქვეყნის უსაფრთხოება, რომელსაც ჰგონია, რომ მის ქვეყანაში რომელიმე ქვეყანა აგენტურულ ქსელს აბამს და იმას ელოდება, რომ აგენტი მივა და დაწერს, აგენტი ვარო. ეს შეურაცხყოფაა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისთვის, თუ ასეთი რამ ხდება, თუ გავლენების ქსელია გაბმული და უსაფრთხოების სამსახური ელოდება, ვინ, როდის გამოიცხადებს თავს აგენტად, სირცხვილია ეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მხარდაჭერა უმრავლესობის თითოეული წევრისთვის ლუსტრაცია იქნება.
„თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს გამჭვირვალობის კანონი არ არის. ეს არის კანონი, რომელიც აუქმებს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში. ჩვენ არ გვჭირდება გამოცნობა და თეორიული ექსპერიმენტი, ჩვენ ვნახეთ რუსეთში ამ კანონის შედეგები[…]
ბატონო შალვა, პირადად მინდა მოგმართოთ, უკვე ხვდებით, რომ ამ კანონს ხელს არ მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი და პირადად თქვენი სახელისა და გვარის დაფიქსირება მოგიწევთ ამ კანონის ქვეშ, რითაც გადახაზავთ საკუთარ წარსულს, იმ წარსულს, რომელიც გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე ის, რასაც „ქართულ ოცნებაში“ გადმობარგების შემდეგ აკეთებთ. ამაზე იფიქრეთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.