ახალი ამბები

ახვლედიანი: უნგრეთი უნდა იყოს ანტიპოდი და არა — სამაგალითო საქართველოსთვის

21 თებერვალი, 2023 • 1519
ახვლედიანი: უნგრეთი უნდა იყოს ანტიპოდი და არა — სამაგალითო საქართველოსთვის

ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) მეცნიერ-თანამშრომლის, ფინანსური ბაზრებისა და ინსტიტუტების განყოფილების ხელმძღვანელის, თინათინ ახვლედიანის განცხადებით, ზოგადი დემოკრატიული პრინციპების გარდა, “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონის მიღება ეწინააღმდეგება ევროკავშირის 12 პირობიდან მინიმუმ სამს:

  • გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ყველა დონეზე;
  • მედიის თავისუფლების გაძლიერებას;
  • პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრას.

„გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიულ რეპუტაციაზე და საქართველოზე, როგორც დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე მდგომ ქვეყანაზე. თავისთავად დემოკრატიული მშენებლობა არის ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე ძირეული პირობა. ამიტომ [კანონპროექტი] წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ევროინტეგრაციის გეგმაზე“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ თინათინ ახვლედიანმა.

ახვლედიანის თქმით, საქართველოს დემოკრატიულ აღმშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ გააძლიერებს ევროკავშირის გაფართოების სკეპტიკოსთა არგუმენტებს, როგორც ეს უნგრეთის შემთხვევაში მოხდა.

„უნგრეთი ან პოლონეთი არ არიან სამაგალითო ქვეყნები, რომელთაც უნდა შევედაროთ. ევროკავშირი თვითონ მუშაობს პროცედურებზე, რაც მას სჭირდება, რომ გააუმჯობესოს სიტუაცია თავისსავე წევრ ქვეყნებში. ეს არ უნდა იყოს სამაგალითო. პირიქით, უნგრეთი უნდა იყოს ანტიპოდი იმისა, ევროკავშირის რომელ წევრ სახელმწიფოს უნდა დავემსგავსოთ. ევროკავშირის გაფართოების სკეპტიციზმის ერთ-ერთი არსი არის ზუსტად ეს — ევროკავშირი გაფართოვდა, მათ შორის უნგრეთი გახდა წევრი ქვეყანა, შემდგომმა დემოკრატიულმა ჩავარდნებმა კი გააჩინა კითხვა, იქნებ მაშინ ეს ქვეყნები არ იყვნენ მზად [ევროკავშირისთვის] და დღეს ამას ვიმკით? ევროკავშირის გაფართოების სკეპტიკოსები კითხულობენ, არიან დღეს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მზად, რომ შემოუერთდნენ ევროკავშირს? მზაობაში რომ დავარწმუნოთ, უნგრეთზე ბევრად წინ უნდა ვიყოთ რიგ საკითხებში და ზუსტად იმაში არ უნდა ვემსგავსებოდეთ, სადაც თვითონ უნგრეთს ევროკავშირში წევრობის პრობლემა აქვს“, — ამბობს ახვლედიანი.

უნგრეთი 2004 წელს გახდა ევროკავშირის წევრი. 2010 წლიდან, მეოთხე ვადით, ქვეყნის ხელისუფლებაშია ვიქტორ ორბანი და მისი პარტია Fidesz. უფლებადამცველი ჯგუფები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირი და ევროპის საბჭო, უნგრეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ მედიაზე და სასამართლოზე გაძლიერებული კონტროლის, მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის, არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის, ლგბტ პირების და სხვათა უფლებების დარღვევების გამო.

„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის ანალოგი არ მოქმედებს ევროკავშირის არცერთ ქვეყნებში. უნგრეთმა 2017 წელს მიიღო რუსულის ანალოგიური კანონი, სახელწოდებით „უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ”. აღნიშნულს წინ უძღოდა ორბანის მთავრობის რამდენიმეწლიანი კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდის“ წინააღმდეგ და მათი უცხოურ აგენტობაში დადანაშაულება. უნგრეთი ირწმუნებოდა, რომ კანონმდებლობა არა რუსეთის, არამედ ამერიკული FARA-დან გადმოიღო.

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ უნგრეთის კანონმდებლობა ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნია და ევროკომისიის აღსრულების მექანიზმის ამოქმედების გამო, უნგრეთს მისი გაუქმება მოუწია. მოგვიანებით მიღებულ იქნა კანონი, რომელიც უცხოური აგენტების რეესტრის შექმნას არა, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების წარდგენას ითვალისწინებს.

განიხილეთ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება — ევროპარლამენტის რეზოლუცია

„ძალიან ბევრი მაგალითი გადმოვიღეთ“ — ღარიბაშვილი ორბანის პოლიტიკას აქებს

მასალების გადაბეჭდვის წესი