ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანია ირწმუნება, რომ მოსკოვში აფხაზეთის სტატუსზე სალაპარაკოდ არ ჩასულა

20 თებერვალი, 2023 • 1412
ბჟანია ირწმუნება, რომ მოსკოვში აფხაზეთის სტატუსზე სალაპარაკოდ არ ჩასულა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, არ ენდონ გადამოუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება მოსკოვში მის ვიზიტს და აფხაზეთის სტატუსის შესაძლო განხილვას.

ასლან ბჟანია მოსკოვში 14 თებერვალს გაემგზავრა, სადაც, ოფიციალური ინფორმაციით, პუტინის ადმინისტრაციაში შეხვედრებს გამართავს.

“ზოგიერთი მედიაგამოცემა ცრუ ინფორმაციას ავრცელებს აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის შესაძლო განხილვასთან დაკავშირებით, რომელსაც ცალკეული მოქალაქეები  და გაერთიანებები ტრანსლირებენ, რითაც ცდილობენ უსაფუძვლოდ დაადანაშაულონ აფხაზეთის ხელმძღვანელობა კონსტიტუციის დარღვევაში”, – აცხადებენ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ოფიციალური ცნობითვე, ამ დროისთვის ბჟანია მოსკოვში შეხვდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე სამსჯელოდ. დაგეგმილია სხვა ოფიციალური შეხვედრებიც.

აფხაზეთისა და სხვა რამდენიმე ქვეყნის რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო შეერთებაზე სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ რამდენიმე დღის წინ  განცხადება გააკეთა აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამაც.

“ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვერ წავალთ, ეს არის განხილვაც კი ჩვენი სუვერენიტეტისა, ჩვენი დამოუკიდებლობისა”.

ამასთან, შამბამ არ გამორიცხა ექსპერტების დონეზე აფხაზეთის მონაწილეობით ახალი ევრაზიული კავშირის საკითხების განხილვა, რაც არ ნიშნავს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაკარგვას. თუმცა, მისი განცხადებით, ამ საკითხზეც არ ყოფილა რუსეთის მხრიდან კონკრეტული ოფიციალური შემოთავაზება.

ამ ეტაპზე არ არსებობს სხვა ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, იგეგმება თუ არა რაიმე ტიპის შეხვედრა აფხაზურ, ოსურ, რუსულ და ბელარუსის მხარეებს შორის მოსკოვში, რომლის შესახებაც ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი