ახალი ამბები

„შიდა და გარე ძალებს სურთ ჩემი სულიერი და ფიზიკური განადგურება“ — მთავარეპისკოპოსი ზენონი

16 თებერვალი, 2023 • 1099
„შიდა და გარე ძალებს სურთ ჩემი სულიერი და ფიზიკური განადგურება“ — მთავარეპისკოპოსი ზენონი

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული განცხადებას ავრცელებს და განმარტებას აკეთებს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მმართველობის საკითხთან დაკავშირებით.

სასულიერო პირის განცხადებით, სინოდის სხდომის დაწყებამდე ის პირადად შეხვდა ილია მეორეს და თავადვე შესთავაზა, აღნიშნული ეპარქია დროებით პატრიარქის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეულიყო. მთავარეპისკოპოსის თქმით, ილია მეორემ მიზანშეწონილად მიიჩნია შეთავაზება და სინოდს დადგენილებით მიმართა.

შესაბამისად, სინოდის წევრი აცხადებს, რომ კრებაზე ეპარქიის საკითხი განსახილველად არ გასულა და ამის შესახებ სინოდი მომავალ სხდომაზე იმსჯელებს:

„გაცნობებთ, რომ სინოდის სხდომის დასაწყისამდე მცირე დროით შევხვდი მის უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორეს და ვისაუბრეთ ამ საკითხის ირგვლივ. ეპარქიაში განვითარებული მოვლენები კომპლექსურ ხასიათს ატარებს და რამდენადაც აღნიშნული დღე, არსებული მოცემულობის გამო, საკითხთა საფუძვლიანი განხილვის შესაძლებლობას არ იძლეოდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შევთავაზე, აღნიშნული ეპარქია დროებით უშუალოდ მისი ზედამხედველობის ქვეშ მოქცეულიყო.

მისმა უწმინდესობამ მიზანშეწონილად მიიჩნია შეთავაზება და მიმართა წმინდა სინოდს, რათა სინოდური დადგენილებით დამტკიცებულიყო დროებითი ზედამხედველობა. წმინდა სინოდმა მიიღო და დაამტკიცა კათოლიკოს – პატრიარქის შეთავაზება.

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის საკითხი სინოდის სხდომაზე განსახილველად არ გატანილა. შესაბამისად, განვმარტავ, რომ ეპარქიის საკითხი სამომავლოდ იქნება განხილული, რის შემდეგაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება ეპარქიის მმართველის ვინაობის შესახებ. ასეთი იყო მისი უწმინდესობისა და ჩემი პოზიცია.კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ საკითხი კომპლექსურია და მეტად საყურადღებო“ ,- აცხადებს მთავარეპისკოპოსი.

სასულიერო პირის თქმით, მის წინააღმდეგ მომართულია გარე და შიდა ძალები, რომელთაც სურთ მისი სულიერი და ფიზიკური განადგურება. მთავარეპორსკოპოსის თქმით, არ აპირებს, რაიმე სახის პოლემიკაში შევიდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც „პერსონალური თავდასხმებით ცდილობენ საკუთარი დეგრადირებული აზროვნების ნაყოფის საზოგადოებისთვის თავს მოხვევას“:

„მათი ქმედებები პირველ რიგში უკავშირდება ჩემს პოზიციას შიდა და საგარეო საეკლესიო პოლიტიკის საკითხებზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ამავდროულად, მკაფიოდ განვმარტავ – ჩემი საქმიანობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მუდამ მიმართული იყო ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისკენ. სწორედ ეს გარემოება არ მაძლევს უფლებას, არ მოვახდინო რეაგირება ზემოთ აღნიშნულ ფაქტზე.

აქვე ვაცხადებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე ცალკეული პროცესები მიმართულია არა მხოლოდ თავად ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ და უდიდესი სიფრთხილე და გონიერებაა აუცილებელი იმისთვის, რათა ამ პროცესებიდან ეკლესიაც და სახელმწიფოც დაზიანებული არ გამოვიდეს“ ,- აცხადებს მთავარეპისკოპოსი.


სინოდალური კომისიის დასკვნის საფუძველზე პატრიარქმა ილია მეორემ მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) 2022 წლის 16 ნოემბრიდან გაათავისუფლა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან. მას შეუნარჩუნდა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა.

მთავარეპისკოპოსის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებაში საპატრიარქოში აღნიშნავდნენ, რომ 26 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაეგზავნა წერილი თხოვნით, ახლო მომავალში ჩამოსულიყო საქართველოში, რათა მისი მხრიდანაც მომხდარიყო ინფორმაციის მოწოდება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

„მეუფე ზენონმა, დაგეგმილი საქმიანი შეხვედრების საბაბით, 10 ნოემბრამდე გადადო გამომგზავრება, თუმცა დათქმულ დროსაც არ ჩამოვიდა მიზეზის აუხსნელად და კვლავ გადადო ჩამოსვლა გაურკვეველი ვადით. კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია მთავარეპისკოპოს ზენონის ეს ქმედება და, ეპარქიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მის დაუსწრებლად შეუდგა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში განვითარებული მოვლენების შესწავლას.

წმინდა სინოდის წევრები დეტალურად გაეცნენ არსებულ ვითარებას და მიიჩნიეს, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან“ — ნათქვამი იყო საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა სუსის „კრებსები“, რაც მოიცავს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო, ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ, დაახლოებით, 58 000-მდე ფაილს. ამ ფაილებში არის ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაცია.

ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს. სუს-ის ფაილები მიხედვით, სხვა სასულიერო პირების მსგავსად, უთვალთვალებდნენ მთავარეპისკოპოს ზენონასაც. მთავარეპისკოპოსმა ზენონმა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მიმდინარე წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ე.წ. სუს-ის ფაილების გამოძიების ფარგლებში მას პროკურატურიდან დაუკავშირდნენ დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად. მთავარეპისკოპოსის თქმით, მიუხედავად ამისა, სანამ საქმის გამოძიება არ დასრულდება და „დამნაშავე არ დაისჯება“, ის უარს აცხადებდა ქვეყანაში ჩამოსვლაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი