საზოგადოება

ლონდონში მყოფი მთავარეპისკოპოსი ზენონი ილია მეორემ საპატრიარქოში დაიბარა

4 ოქტომბერი, 2022 • 1351
ლონდონში მყოფი მთავარეპისკოპოსი ზენონი ილია მეორემ საპატრიარქოში დაიბარა

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ საპატრიარქოში დაიბარა.

ილია მეორის სახელით გავრცელებული წერილის ავთენტურობა ნეტგაზეთს საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.

მანამდე თავად მთავარეპისკოპოსი ზენონი, რომელიც ამჟამად ლონდონში იმყოფება, ამბობდა, რომ საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდებოდა მანამ, სანამ  ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეს ბოლომდე არ გამოიძიებდნენ. სასულიერო პირი ერთ-ერთია, ვინც ე.წ. სუს-ის ფაილებში მოხვდა.

ილია მეორეს წერილი. ფოტო: ლონდონის ტაძრის მრევლი

ილია მეორის წერილს ზენონისადმი წინ უსწრებს დაპირისპირება მთავარეპისკოპოსსა და ლონდონის მრევლის ნაწილს შორის, რომელიც ახლაც გრძელდება და რამდენიმე საკითხზე ფოკუსირდება. მათ ფეისბუკზე სპეციალური გვერდიც აქვთ გაკეთებული სახელად „ლონდონის ტაძრის მრევლი“.

რამდენიმე კვირის წინ მათ ღია წერილით მიმართეს საპატრიარქოს, სადაც გააკრიტიკეს მთავარეპისკოპოსი და მოითხოვეს რეაგირება ლონდონის ქართულ ტაძარში მიმდინარე მოვლენბთან დაკავშირებით. კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი იყო საკვირაო სკოლის დაკეტვა, რომელიც ლონდონში, ქართულ ტაძარში ფუნქციონირებდა. თავად ზენონი ამბობდა, რომ ეკლესიის შენობა უსაფრთხოების ზომების გამო სკოლისთვის შეუსაბამოა.

„ეპისკოპოსი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ თუ ახერხებდა ტაძარში მოსვლას. თუმცა ლონდონშიც რომ ყოფილიყო, ის წირვა-ლოცვას მაინც არ ესწრებოდა. ეპისკოპოსი დაახლოებით ერთი წლის წინ დაბრუნდა ლონდონში. იგი საცხოვრებლად გადმოვიდა ტაძარში და დაკეტა ადგილი, სადაც ერთმანეთს ვხვდებოდით, ვანუგეშებდით და მთელი კვირა ველოდით შემდეგი კვირის დადგომას, რომ ერთმანეთი გვენახა.

დაკეტა ეკლესია, რომლის კარიც მხოლოდ შაბათ-კვირას იღება. ზოგი ადამიანი, რომელიც ვერ ახერხებს სამსახურის გამო წირვაზე მოსვლას და რომლისთვისაც შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს ტაძარში ერთი სანთლის ანთებაც კი, სრულ გაუგებრობაში აღმოჩნდა,“ – წერდა მრევლის ნაწილი წერილში.

მრევლი ასევე წერდა, რომ ზენონმა დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი ითხოვა – „კრებსების“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო.

„ამ თემაზე პასუხი არ არის გაცემული და ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი ბრალდების მიმართ თვალი დავხუჭოთ. თუ მრევლისთვის ეს არ იქნება გაცხადებული, მოლოდინი გვაქვს, რომ საპატრიარქო დაინტერესდება, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს“, – წერია წერილში.

რაც შეეხება მთავარეპისკოპოსის პოზიციას, ის ითხოვს ე.წ. სუს-ის ფაილების გავრცელებაში მონაწილე პირების დასჯას და ამატებს, რომ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს ამისთვის. სექტემბერში გამართულ წირვაზე მან ასევე დაადასტურა, რომ ჰქონდა კომუნიკაცია პროკურორთან.

„დამიკავშირდა და მითხრა, თქვენ უნდა დაგკითხოთ, რომ თქვენ, სავარაუდოდ, დაზარალებულად უნდა იყოთ ცნობილი… და რომ ჩამობრძანდეთ. მე ვუთხარი, ახლა ვერ შევძლებ ჩამოსვლას, რაღაც დროის შემდეგ შევძლებთ ჩამოსვლას და არის პრინციპული საკითხიც, ვიდრე პასუხს არ აგებს დამნაშავე, მე მაგ ქვეყანაში ფეხს არ დავდგამ. თუ ვინმეს ღირსება არ აქვს, ჩემს კოლეგას, ეს მისი პრობლემაა. მე მაქვს ღირსება, ჩემს სულში ვერავინ აფათურებს ხელებს“, — ამბობდა ის

ვრცლად:

ვიდრე პასუხს არ აგებს დამნაშავე, მე მაგ ქვეყანაში ფეხს არ დავდგამ — მთავარეპისკოპოსი ზენონი სუს-ის ფაილებზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი