ახალი ამბები

სააკაშვილთან დაკავშირებით EU-ს საპროტესტო მიმართვას უნგრეთი ბლოკავს — პოლონური მედია

16 თებერვალი, 2023 • 1316
სააკაშვილთან დაკავშირებით EU-ს საპროტესტო მიმართვას უნგრეთი ბლოკავს — პოლონური მედია

პოლონური მედიის ცნობით, უნგრეთი ბლოკავს ინიციატივას, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო ევროკავშირს დიპლომატიური პროტესტი უნდა გამოეხატა საქართველოს ხელისუფლებისთვის.

საუბარია პოლონეთის მთავრობის მიერ წამოწყებულ ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებდა, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირს მიემართა.

გასულ კვირას, ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მზადაა, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს ციხეში არასათანადო მოპყრობა იყო.

ამასთან, სწორედ მორავიეცკიმ განაცხადა მედიასთან, რომ ევროპული საბჭო, რომელშიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების ლიდერები შედიან, საქართველოს მთავრობისთვის მიმართვას ამზადებდა.

როგორც პოლონური მედია წერს, პოლონეთის ინიციატივას მხარი ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ დაუჭირა, გარდა უნგრეთისა. ევროპული საბჭო კი გადაწყვეტილებას ერთსულოვნად იღებს, შესაბამისად, უნგრეთის გადაწყვეტილება პოლონეთის ინიციატივას ბლოკავს.

ამასთან, პოლონური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ცდილობენ, რომ უნგრეთს აზრი შეაცვლევინონ.


გასულ კვირას პოლონური მედია წერდა, რომ პოლონეთი ევროკავშირის შიგნით ხელმოწერებს აგროვებს, რომელსაც შემდეგ ასევე თბილისს გაუგზავნის სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანის საკითხზე.

ამავე ინფორმაციის თანახმად, წერილი შეიცავს დეკლარაციას, რომ თუ სააკაშვილი საქართველოს დატოვებს, ევროკავშირის ტერიტორიიდან პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობას არ მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი