ახალი ამბები

პოლონეთის პრემიერი მიანიშნებს, რომ ევროპული საბჭო აპირებს, თბილისს სააკაშვილის საკითხზე მიმართოს

10 თებერვალი, 2023 • 1498
პოლონეთის პრემიერი მიანიშნებს, რომ ევროპული საბჭო აპირებს, თბილისს სააკაშვილის საკითხზე მიმართოს

პოლონეთი მზადაა, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ განაცხადა დღეს, 10 თებერვალს, ბრიუსელში.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს ციხეში არასათანადო მოპყრობა იყო.

„პოლონეთმა წამოაყენა ეს ინიციატივა და მე ბევრ პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე ამ თემაზე – შევთავაზოთ საქართველოს მთავრობას, რომ  მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში იმკურნალოს. ჩვენ გვეშინია, რომ მას საქართველოში ყველაზე უარესი დაემართება“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

ამასთან, მორავიეცკის თქმით, საქართველოს მთავრობა სერიოზულად უნდა მოეკიდოს სააკაშვილთან დაკავშირებით მიმართვას, თუ სურს, რომ ევროპულ მისწრაფებებზე პოზიტიური პასუხი მიიღოს.

„თუ საქართველოს სურს, რომ პოზიტიური პასუხი ჰქონდეს მის ევროპულ მისწრაფებებზე, მან ასევე სერიოზულად უნდა მიიღოს ეს მიმართვა, რომელიც უკვე ფორმულირდება საბჭოს საგარეო სამსახურების მიერ“, – განაცხადა მორავიეცკიმ.


მიმდინარე კვირაში პოლონური მედია წერდა, რომ პოლონეთი ევროკავშირის შიგნით ხელმოწერებს აგროვებს, რომელსაც შემდეგ ასევე თბილისს გაუგზავნის სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანის საკითხზე.

ამავე ინფორმაციის თანახმად, წერილი შეიცავს დეკლარაციას, რომ თუ სააკაშვილი საქართველოს დატოვებს, ევროკავშირის ტერიტორიიდან პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობას არ მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი