საზოგადოება

პოლონეთის ინიციატივით EU თბილისს სააკაშვილზე წერილს გაუგზავნის – მედია

7 თებერვალი, 2023 • 712
პოლონეთის ინიციატივით EU თბილისს სააკაშვილზე წერილს გაუგზავნის – მედია

პოლონეთის საზოგადოებრივი რადიოს ინფორმაციით, ვარშავა მზადაა, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს და მუშაობს, რომ ევროკავშირმა თბილისს შესაბამისი წერილითაც მიმართოს.

პოლონეთის რადიოს ბრიუსელის კორესპონდენტის, ბეატა პლომეცკას ცნობით, პოლონეთი ევროკავშირის შიგნით ხელმოწერებსაც აგროვებს, რომელსაც შემდეგ ასევე თბილისს გაუგზავნის სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანის საკითხზე.

ამავე ინფორმაციის თანახმად, თბილისი ზემოხსენებულ წერილს ხუთშაბათამდე, ანუ ევროკავშირის სამიტამდე მიიღებს. წერილი შეიცავს დეკლარაციას, რომ თუ სააკაშვილი საქართველოს დატოვებს, ევროკავშირის ტერიტორიიდან პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობას არ მიიღებს.

გარდა ამისა, რადიოს მიხედვით, წერილში აღნიშნული იქნება საქართველოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დრამატულად ფასდება.

“თუ სააკაშვილი მოკვდება, მისი სიკვდილი ჩრდილს მიაყენებს საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, აშშ-სა და ნატოსთან”, – ნათქვამია წერილის ფრაგმენტში.

პოლონეთის რადიოს მიხედვით, ამ საკითხზე ინტერვიუ ჩამოართვეს რამდენიმე დიპლომატს, რომელთაც სჯერათ, რომ რუსეთს ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების იმედი აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი