ახალი ამბები

“მეტ ნათელს შეიტანს” – “ოცნების” დეპუტატი “ხალხის ძალის” კანონპროექტზე

15 თებერვალი, 2023 • 1343
“მეტ ნათელს შეიტანს” – “ოცნების” დეპუტატი “ხალხის ძალის” კანონპროექტზე

“ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი რიმა ბერაძე აცხადებს, რომ მართალია, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება დღესაც გამჭვირვალეა, თუმცა “უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტი კიდევ უფრო “მეტ ნათელს” შეიტანს ამ კუთხით.

ამის შესახებ მან ნეტგაზეთს განუცხადა.

საუბარია “ხალხის ძალის” კანონპროექტზე, რომელიც რუსეთში წლების წინ მიღებული კანონის ანალოგია, რომელიც პუტინის რეჟიმმა დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის რეპრესირებისთვის გამოიყენა.

თუმცა, რიმა ბერიძის მტკიცებით, ეს კანონპოექტი არა რუსეთიდან, არამედ აშშ-დანაა გადმოტანილი და ქართულ რეალობას მორგებული.

“რაც შეეხება იმას, რომ კანონპროექტი მიუღებელია ვიღაცისთვის, ჩვენთვისაც მიუღებელია ბევრი რამე, მაგრამ ამას ხომ არ ვაკრიტიკებთ.

ანალოგიური კანონი ძალიან ბევრ ქვეყანაშია, მათ შორის რუსეთშიც, რამდენადაც ვიცი, მაგრამ ტიპურად კანონპროექტი გადმოღებულია აშშ-დან, ტერმინოლოგიაც და აბსოლუტურად ყველაფერი გადმოღებულია იქიდან”, – აცხადებს დეპუტატი.

დეპუტატი ნეტგაზეთის კითხვის საპასუხოდ ადასტურებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება დღესაც გამჭვირვალეა, მაგრამ, მისი თქმით, ახალი კანონი “მეტ ნათელს შეიტანს” კანონმდებლობაში. თუმცა დეპუტატი არ აკონკრეტებს, რა ნაწილში შეიტანდა კანონი “მეტ ნათელს”.

“კანონპროექტში თავიდან ბოლომდეა გაწერილი მუხლები, ამ მუხლებში არის გამჭვირვალობაც. იმ პუნქტების მიხედვით, რაც დღემდე არსებობდა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ იყო გამჭვირვალობა, მაგრამ კანონპოერქტი მეტ ნათელს შეიტანს ამ თანხების წარმომავლობაში და მის ხარჯვაში”, – განაცხადა ნეტგაზეთთან რიმა ბერაძემ.


მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. ეს ის ძალაა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებისგან დაკომპლექტდა. „ხალხის ძალა“ ახლაც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

“ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატი ზემოხსენებული კანონპროექტს იცავს და მხარს უჭერს.

ქადაგიშვილი ემხრობა რეპრესიული კანონის მიღებას მედიისა და NGO-ების წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი