საზოგადოება

ქადაგიშვილი ემხრობა რეპრესიული კანონის მიღებას მედიისა და NGO-ების წინააღმდეგ

15 თებერვალი, 2023 •
ქადაგიშვილი ემხრობა რეპრესიული კანონის მიღებას მედიისა და NGO-ების წინააღმდეგ

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტში რაიმე წინააღმდეგობას ვერ ხედავს. აღნიშული კანონპროექტი არის რუსეთში წლების წინ მიღებული კანონის ანალოგი, რომელიც პუტინის რეჟიმმა დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის რეპრესირებისთვის გამოიყენა.

მისი თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს შესწავლა უნდა, თუმცა მისთვის მისაღებია კანონპროექტის სულისკვეთება, რომ „ყველგან და ყველაფერში გამჭვირვალობა იყოს“.

ამასთან, ქადაგიშვილის თქმით, კანონპროექტი არავის საქმიანობას არ შეზღუდავას და  „ძირითადად რეესტრის ჩამოყალიბებას და ანგარიშვალდებულებას ითვალისწინებს“.

„მე ერთ რამეს ვამბობ ამ პროექტთან დაკავშირებით — პროექტს უნდა შესწავლა, მსჯელობა იქნება, მაგრამ მთავარი სულისკვეთება, რაც ჩემთვის მისაღებია, არის ის, რომ ყველგან და ყველაფერში გამჭვირვალობა იყოს.

თუ მთავრობას და ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას მაქსიმალური ვალდებულებები აქვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა უნდა, კარგია და ეს არის საუკეთესო უცხოური გამოცდილებაც. მე ვფიქრობ, რომ ანალოგიურად არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების კუთხითაც თუ იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობა, ეს პირიქით, ნდობის გაზრდას ემსახურება და გამომდინარე აქედან, მე ვერ ვხედავ ამ ზოგადი შეფასებით რაიმე წინააღმდეგობას“, — განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. ეს ის ძალაა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებისგან დაკომპლექტდა. „ხალხის ძალა“ ახლაც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი