ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე უცხოური აგენტების შესახებ ქართულ კანონპროექტზე წერს

15 თებერვალი, 2023 • 2601
აფხაზური მხარე უცხოური აგენტების შესახებ ქართულ კანონპროექტზე წერს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ტელეგრამის ოფიციალურ არხზე აქვეყნებს ინფორმაციას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში შეაქვთ უმრავლესობის დეპუტატებს „ხალხის ძალიდან“.

“კანონპროექტის თანახმად, ქვეყანაში უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი გაჩნდება – იურიდიული პირების ან მედიის, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი სხვა ქვეყნიდანაა მიღებული”, – წერს აფხაზეთის საგარეო ტელეგრამ გვერდზე.

კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ რუსეთში მოქმედებს და რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია პირდაპირ თუ ირიბად, რომ იდენტური კანონი აფხაზეთმაც უნდა მიიღოს. აფხაზეთში არასამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, 2023 წლის გაზაფხულზე აფხაზეთის პარლამენტში შევა კანონპროექტი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ. ინიციატივას აფხაზური არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგება.

მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. ეს ის ძალაა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებისგან დაკომპლექტდა. „ხალხის ძალა“ ახლაც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს. კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

ექსპერტთა შეფასება: რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებას საქართველოს ევროინტეგრაციულ მომავალზე?

მასალების გადაბეჭდვის წესი