ახალი ამბები

პირდაპირ აკოპირებენ რუსულ კანონს – ელისაშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

14 თებერვალი, 2023 • 965
პირდაპირ აკოპირებენ რუსულ კანონს – ელისაშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს „ხალხის ძალის“ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური ძალების გამჭვირვალობის შესახებ“.

ელისაშვილის თქმით, „ხალხის ძალამ“ სხვა ვერაფერი მოიფიქრა და  რუსეთში მიღებული კანონის კოპირებას აპირებს.

„რა თქმა უნდა, ასეთ ბოდვას მხარს არ დავუჭერთ. ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, რომ „ხალხის ძალაში“ რამდენიმე ისეთი ადამიანია, გული მიკვდება, რომ ვუყურებ, ისინი იქ არიან. მთელი მათი საქმიანობა და ძალისხმევა არის ერთი დიდი გაუგებრობა.

ეს კანონპროექტი პირდაპირ უნდათ, რომ რუსეთიდან გადმოიტანონ. გაიხედეს, გამოიხედეს და 21-ე საუკუნეში სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და რუსეთში რასაც აკეთებენ არასამთავრობოების წინააღმდეგ, იმის გაკეთება უნდათ ზუსტად. რაღაცას იშველიებენ, ვითომ სხვაგანაც ასეა. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან აღმაშფოთებელი ძალისხმევა და გაუგებარი.

არ ვიცი, რა არის მათი მიზანი რეალურად, რაღაცა ხომ უნდა გააკეთონ, მარტო კელი დეგნანის ლანძღვით იყვნენ დაკავებული, კელი დეგნანი აღარ იქნება ელჩი ცოტა ხანში და რაღაცით თავისი არსებობა ხომ უნდა გაამართლონ. და ისევე როგორც უნდა გაამართლონ თავიანთი „დაწესებულების“ თუ „ორგანიზაციის“ არსებობა, იგონებენ ასეთ რაღაცებს და პირდაპირ აკოპირებენ რუსულ რაღაცებს, რაც ძალიან აღმაშფოთებელია“, _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


საპარლამენტო უმრაველოსობის წევრები „ხალხის ძალიდან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში აინიცირებენ. ამის შესახებ მათ დღეს, 14 თებერვალს, განცხადება გაავრცელეს.

„ხალხის ძალის“ განცხადებით, მათ მიერ შემოთავაზებული კანონით,  შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი ფინანსდება „უცხოური ძალების“ მიერ.

„ხალხის ძალის“ განცხადებით, მათი კანონპროექტის მიხედვით, სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი