ახალი ამბები

ვისაც უნდა ნამუშევრების წაღება, წაიღეთ – ქეთი შავგულიძე

14 თებერვალი, 2023 • 2417
ვისაც უნდა ნამუშევრების წაღება, წაიღეთ – ქეთი შავგულიძე

გამოფენის “ავტოპორტრეტი სარკესთან” კურატორი, ქეთევან შავგულიძე გამოფენის მონაწილე მხატვრებს მიმართავს, სურვილის შემთხვევაში წაიღონ საკუთარი ნამუშევრები. ამის შესახებ მან 13 თებერვალს ფეისბუკზე დაწერა.

“მოგმართავთ მხატვრებს, ვისაც უნდა ნამუშევრების წაღება, წაიღეთ”, – წერს შავგულიძე.

მანამდე გამოფენის ორმა მონაწილემ, შოთიკო აფციაურმა და ანდრო დადიანმა განაცხადეს, რომ გამოფენის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო აღარ სურდათ, მათი ნამუშევრები დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში დარჩენილიყო გამოფენის “ავტოპორტრეტი სარკესთან” ფარგლებში .

ანდრო დადიანმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ საკუთარი ნამუშევრის გამოფენიდან მოხსნით სოლიდარობას უცხადებდა სანდრო სულაბერიძეს, რომელმაც 4 თებერვალს გამოფენის გახსნაზე კედლიდან თავისი ნამუშევარი ჩამოხსნა და იქვე საღებავით გააკეთა წარწერა: “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”, რის გამოც მის წინააღმდეგ ქურდობის მუხლით დაიწყო გამოძიება. ამასთან, არტისტმა აღნიშნა, რომ ამით პროტესტს გამოხატავს “კულტურის ამჟამინდელი პოლიტიკის მიმართ”.

რაც შეეხება შოთიკო აფციაურს, მან ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ამ გზით საკუთარ პოზიციას გამოხატავს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ქეთევან შავგულიძეს, 12 თებერვალს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ კატეგორიულად გმობს  სანდრო სულაბერიძის ქმედების “ისეთ სამართლებრივ კონტექსტში განხილვას, რომელიც გახდა ცნობილი” [საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, ქურდობის მუხლით]. მან იმედი გამოთქვა, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდებოდა.

“გახსნაზე სანდრო სულაბერიძის მიერ კედელზე დაწერილ ტექსტზე და ჩამოხსნილ ნამუშევარზე პოლიციამ დაიწყო საქმის ძიება, რომელიც შემდეგ გავიგე, რომ გალერეის ხელმძღვანელობამ გამოიძახა, იმ ნამუშევარზე, რომელიც მე და წარმდგენმა ორგანიზაციამ საგამოფენო დადგენილი წესით, მიღება-ჩაბარების აქტით, ისევე როგორც სხვა მხატვრების ნამუშევრები, გადავეცით ეროვნულ გალერეას დროებით მფლობელობაში. გალერეა, როგორც მასპინძელი ორგანიზაცია, პასუხისმგებელია მათ მოვლა-პატრონობაზე და შენახვაზე გამოფენის დასრულებამდე.

როგორც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, რომელსაც მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში და თავად ვასწავლი აქციიონიზმის ისტორიას, ვთვლი, რომ ხელოვანის გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი შენაძენია”, – აღნიშნა შავგულიძემ.

ამასთან, მან განმარტა, რომ როგორც გამოფენის ორგანიზატორს, აქვს ვალდებულებები და პასუხისმგებლობები დონორ ორგანიზაციებთან, ასევე, გალერეის და გამოფენაში ჩართული “სხვადასხვა მოსაზრების მხატვრების” წინაშე, რის გამოც გამოფენის შესახებ გადაწყვეტილებას “ხელაღებით ვერ მიიღებს”.

გარეკანის ფოტო: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

მასალების გადაბეჭდვის წესი