ევროპარლამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე რეზოლუციას მიიღებს.
სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ევროპარლამენტში გადაუდებელი დებატები 2 თებერვალს გაიმართა, 15 თებერვალს კი შესაბამისი რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ მომზადებულია რეზოლუციის 5 პროექტი სოციალ-დემოკრატების, Renew Group-ის, ევროპის სახალხო პარტიის (EPP), მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსის, ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფის (ECR Group) ავტორობით.
ხუთივე, მათ შორის „ქართული ოცნების“ პარტნიორი ევროპული პარტია „სოციალ-დემოკრატების“ და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელ სვენ მიკსერის ავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ. რეზოლუციის პროექტი ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ რეალური მართლმსაჯულების რეფორმა მისცემს საშუალებას საქართველოს, დაძლიოს მისი პოლიტიკის, მედიის, ბიზნესისა და საზოგადოების მავნე პოლარიზაცია, რითაც ხელს შეუწყობს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მთავარი პრიორიტეტების შესრულებას.
Renew Group-ის ტექსტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს შეწყალების კონსტიტუციური უფლების გამოყენებისკენ ამ საკითხის გადასაჭრელად.
რეზოლუციის ორ, ECR Group-ის და EPP-ის წარმომადგენლების ავტორობით მომზადებულ პროექტში ხაზგასმულია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილი პირადი წვლილი სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებაში. ორივე პროექტი იმეორებს მოწოდებას ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.
15 თებერვლის კენჭისყრაზე გახდება ცნობილი, როგორი იქნება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციის საბოლო ტექსტი და ეს შესაძლოა იყოს პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმებული კომპრომისული ვარიანტი.