ახალი ამბები

ბადრი ესებუას მამა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა

9 თებერვალი, 2023 • 829
ბადრი ესებუას მამა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა

“საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას მამა მიიჩნევს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ამის შესახებ მან ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა.

ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას თქმით, მას შემდეგ, რაც ბანკზე თავდასხმის საქმეზე მისი სახელი და გვარი გახმიანდა, ესებუას “განცდა გაუჩნდა”, რომ “შესაძლებელია დევნის ობიექტი ყოფილიყო” და ამიტომ მიიმალა:

“რაც გაჟღერდა მისი სახელი, ფაქტობრივად იმის გამო, რომ თანხა იყო წაღებული ბანკიდან, ბუნებრივია, მას გაუჩნდა იმის განცდა, რომ შესაძლებელია ის ყოფილიყო დევნის ობიექტი… იმის გამო, რომ საფრთხეს გრძნობდა, თავი აარიდა და ფაქტობრივად მიიმალა.

მითხრა, რომ მას ჰქონდა იმის სურვილიც, რომ გამოსულიყო და ფაქტობრივად ჩაჰბარებოდა და, შესაბამისად, თავის საქმეზე ებრძოლა, თუმცა, რომ გაუჩნდა ეს განცდა [რომ იქნებოდა “დევნის ობიექტი”], ამის გამო თავი აარიდა”, — განმარტავს იოსებ ჯანაშია.

მისი განცხადებით, ესებუასთვის თანხასთან დაკავშირებით შეკითხვა არ დაუსვამს, რადგან ბრალდებული წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

ბადრი ესებუა გუშინ, 8 თებერვალს, ნათესავის სახლში დააკავეს, რომელიც “მთავარი არხის” ინფორმაციით, ესებუას მშობლების სახლიდან 2 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. შსს დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იძულებას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი