ახალი ამბები

“პატარა ოხუნჯობა იყო და უნდა ვაპატიოთ ალბათ” – კობახიძე ზურაბიშვილის განცხადებაზე

8 თებერვალი, 2023 • 1499
“პატარა ოხუნჯობა იყო და უნდა ვაპატიოთ ალბათ” – კობახიძე ზურაბიშვილის განცხადებაზე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ოხუნჯობას” უწოდებს” საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას. ამის შესახებ კობახიძემ TV პირველს განუცხადა დღეს, 8 თებერვალს პარლამენტში.

საქმე ეხება სააკაშვილის შეწყალების შესახებ კობახიძის განცხადებაზე პრეზიდენტის საპასუხო მიმართვას, რომელშიც ზურაბიშვილი იმეორებს კობახიძის მიერ 2020 წელს, პარტიის პროპორციული სიის პირველი ოცეულის წარდგენისას, საკუთარი თავის დახასიათებაზე გამოყენებულ სიტყვებს და “ოცნების” თავმჯდომარეს მიმართავს, რომ “პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ, კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია”.

კობახიძე აცხადებს, რომ ზურაბიშვილი თავადაც აფასებს ხოლმე “პარლამენტის ექსკლუზიურ გადაწყვეტილებებს” და მათ ეს მუქარად არასდროს აღუქვამთ:

“პატარა ოხუნჯობა იყო და უნდა ვაპატიოთ, ალბათ… მასაც ჰქონდა პარლამენტის მიერ მიღებულ ექსკლუზიურ გადაწყვეტილებებზე მძიმე რეაქცია და ეს არ ყოფილა მუქარა. პარლამენტიც იღებს ექსკლუზიურ გადაწყვეტილებებს, იღებს კანონებს, მას აქვს ხოლმე მძიმე რეაქცია, მაგრამ ეს ხომ მუქარა არ არის”, – აცხადებს კობახიძე.


გუშინ, 7 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში დაუშვებელია პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ, კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა:

“მიგვაჩნია, რომ ,,ქართული ოცნების“ სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ”, ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ, კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციას განცხადებაში.

მანამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, საზოგადოებასაც და მასაც უმძიმესი რეაქცია ექნებათ.

კობახიძის თქმით, სააკაშვილის შეწყალება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი