ახალი ამბები

კობა ნაყოფია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოსაც ტოვებს

8 თებერვალი, 2023 • 2261
კობა ნაყოფია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოსაც ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს კობა ნაყოფიაც ტოვებს. ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ ისაუბრა.

ნაყოფიას თქმით, ახალ პოლიტსაბჭოში პარლამენტის წევრის კვოტით მოხვდა და ამ კვოტაზეც უარს ამბობს. ნაყოფია მანამდე ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეც იყო, თუმცა ეს პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.

„მინდა გითხრათ, რომ პოლიტსაბჭო, რომელიც არსებობდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, არჩეული იყო ბოლო ყრილობაზე, რომელსაც ესწრებოდა 10 ათასამდე ადამიანი და 10 ათასი ადამიანის მიერ არჩეული პოლიტსაბჭო 300-კაციანი ყრილობით ჩვეულებრივად გადაირჩიეს, რაც მე ძალიან მაშფოთებს და მაწუხებს.

რატომღაც მეც აღმოვჩნდი ამ პოლიტსაბჭოში პარლამენტის კვოტით, თურმე იმიტომ, რომ პარლამენტის კვოტით მეკუთვნის. ამ კვოტით არ ვისარგებლებ და მე მაგ პოლიტსაბჭოში ნამდვილად არ შევალ. არ შევალ იმ პოლიტსაბჭოში, რომლიდანაც გააგდეს გიორგი პატარაია, ენმ-ის დამფუძნებელი ზურაბ მელიქიშვილი, ხათუნა ოჩიაური… ასეთი ადამიანები როცა იქ არიან, მე იქ არაფერი არ მესაქმება“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

კობა ნაყოფიას მსგავსად ახალი პოლიტსაბჭოს წევრობაზე უარი თქვეს: ეკა ხერხეულიძემ, აკაკი მინაშვილმა, გიორგი კირთაძემ.


5 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მე-10 ყრილობა გაიმართა, რა დროსაც, ახლად არჩეული თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დამტკიცებასთან ერთად, დაამტკიცეს პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა, ასევე, გაანაწილეს პარტიული თანამდებობები. როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკური საბჭოს ძველი შემადგენლობის გაუქმებისა და ახლის შექმნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა დღემდე მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილი პარტიის ახალ მენეჯმენტს აკრიტიკებს ახალი პოლიტსაბჭოს „გაუმჭვირვალედ“ და „არადემოკრატიულად“ დამტკიცებისთვის. როგორც ისინი აცხადებენ, ძველ პოლიტსაბჭოს ვადა მიმდინარე წლის მარტამდე ჰქონდა და მათთვის მოულოდნელი იყო ახალი პოლიტსაბჭოს დამტკიცება.

 

მათი თქმით, პოლიტსაბჭოს ამ ფორმით დაკომპლექტება არის „სამარცხვინო“ და „არაფორმალური მმართველობის“ გამოხატულება.
ახალი პოლიტსაბჭოს გაუმჭვირვალედ დამტკიცებისთვის ხაბეიშვილს აკრიტიკებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი