ახალი ამბები

გავიდა დრო, როდესაც ზურაბიშვილს შეუძლია გააგრძელოს დუმილი – ხოშტარია

6 თებერვალი, 2023 • 731
გავიდა დრო, როდესაც ზურაბიშვილს შეუძლია გააგრძელოს დუმილი – ხოშტარია

მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ დროა სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება მიიღოს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.

ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სცდება „ნაციონალური მოძრაობის“ ჩარჩოებს და „დროა“ მზადაა მონაწილეობა მიიღოს საპროტესტო აქტივობებში.

„გავიდა დრო, როდესაც სალომე ზურაბიშვილს შეუძლია გააგრძელოს დუმილი. მე არ ვიცი, ვის, რისი იმედი აქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, ვის, რისი პასუხისმგებლობა აქვს. და დღეს სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია. მან უნდა გააკეთოს არჩევანი და საბოლოო ჯამში მიიღოს გადაწყვეტილება – ან აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ისიც აწერს ამ განაჩენს, ან გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“,- ამბობს ის.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დღეიდან პარტია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას და გადადის ყოველდღიური პროტესტის რეჟიმში.

ვრცლად წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი