საზოგადოება

მომისაჯეს სასიკვდილო განაჩენი – სააკაშვილი

6 თებერვალი, 2023 • 786
მომისაჯეს სასიკვდილო განაჩენი – სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

პროცესის შემდეგ სააკაშვილმა ფეისბუკზე ორი განცხადება გამოაქვეყნა. ერთი ქართულენოვანია, სადაც წერს, რომ მას ვერაფერი გატეხს და ახლა „გაბრაზებისა და ბრძოლის დროა“.

მეორე განცხადება კი ინგლისურენოვანია. მასში სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, სიკვდილი მიუსაჯა, რაც რუსეთის დაკვეთა იყო.

„საქართველოს სასამართლოს სხდომა არაფერი იყო ხუმრობის გარდა. ერთი მხრივ, ჩვენი მტკიცებულებები ემყარებოდა ზუსტ გამოკვლევებს, რომელიც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და საქართველოს წამყვანი ექიმების მიერ ჩატარდა. თითქმის ყველა მათგანს ჰქონდა ჩემი ნახვის საშუალება რამდენჯერმე.

სამთავრობო ექსპერტებს კი არც ერთხელ არ შეუწუხებიათ თავი და არ მოვუნახულებივარ, მაგრამ სასამართლომ დაუჯერა მათ და არა საერთაშორისო გუნდს, მათ შორის, ნობელის პრიზის ლაურეატს, რომელმაც თქვა, რომ თუ მე ციხეში დავრჩები – მოკვდები.

შესაბამისად, ახლა, ფაქტობრივად, მომისაჯეს სასიკვდილო განაჩენი და მე დავრჩები ციხეში ყველა ჩემს ლეტალურ დაავადებასთან და სასამართლო ვერდიქტთან ერთად, რომელსაც არავინ აღიარებს, გარდა რუსეთისა. შემთხვევითობა არაა, რომ ლავროვმა არაერთხელ შეაქო საქართველოს ხელისუფლება ბოლო ამ კვირების განმავლობაში და ასევე, თავს დამესხა მე. პუტინი შემპირდა, რომ „კვერცხებით დამკიდებდა და, როგორც ჩანს, ის ამის მიღწევას რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით ცდილობს.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩება.

სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა. ამ პერიოდში ჩატარდა 15 სხდომა.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი