საზოგადოება

ვწყვეტთ საპარლამენტო საქმიანობას, იქნება ყოველდღიური პროტესტი – ხაბეიშვილი

6 თებერვალი, 2023 • 1367
ვწყვეტთ საპარლამენტო საქმიანობას, იქნება ყოველდღიური პროტესტი – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დღეიდან პარტია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას და გადადის ყოველდღიური პროტესტის რეჟიმში.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ენმ-ში სპეციალური ბრიფინგი დაინიშნა, რომელიც პარტიის სამომავლო გეგმებს ეხება.

ამ ბრიფინგზე ხაბეიშვილმა მოუწოდა პარტიის რაიონული ორგანიზაციებისა და ფრაქციის წევრებს, რომ თბილისში გადმოსულიყვნენ – „რადგან მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქში“.

მისივე თქმით, „ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს „დღეიდან არ ექნებათ მოსვენება და ბრიფინგის შემდეგ პრემიერი ღარიბაშვილი პირველი იგრძნობს“.

„ნაციონალური მოძრაობა აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას. ჩვენ ასევე ვაპირებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს – ელჩებთან, და ამ კომუნიკაციის დამყარება უკვე დაწყებული გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გააძლიერონ წნეხი რუსულ ოცნებაზე, რეჟიმზე, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის.

ასევე, დღეს ახლა, როდესაც მოვრჩებით ბრიფინგს, გვექნება კონკრეტული აქტივობები და ასეთი აქტივობები გვექნება ყოველდღიურად, ყველგან მოგაკითხავთ ის ადამიანები, ვისაც თქვენ ჩაგრავთ და უკლავთ ევროპულ მომავალს“.

ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ენმ აღარ აპირებს აღარანაირ განხილვებში მონაწილეობას. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას, ისინი ამას იწყებენ იმიტომაც, რომ:

„ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას და მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ უბრალოდ იძულებული ვართ ასე მოვიქცეთ, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის რისკის ქვეშ. ყოველდღიური პროტესტი და სახალხო მღელვარება იქნება პასუხი „ოცნებაზე“ , ბიძინა ივანიშვილზე“, – ამბობს ხაბეიშვილი.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილების შემდეგ ენმ-ის სათავო ოფისში პარტიის წევრები შეიკრიბნენ. მათ შორის ადგილზე მივიდა ნიკა მელიაც.

ნიკა მელია ენმ-ის ოფისში მივიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი