„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის სათავო ოფისში მივიდა. მისვლისას მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ ენმ ამ ბრძოლას მინუსიდან იწყებს, რადგან პარტიამ მხარდაჭერთა ნაწილი დაკარგა.
მანამდე ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ რამდენიმე საათში ოფისში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება უნდა გაკეთდეს.
ჟურნალისტებთან საუბარში მელია ამბობს, რომ ახლა სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო საგანგაშოა და კრიტიკულად აფასებს ენმ-ის გადაწყვეტილებებს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.
„ახლა მნიშვნელოვანია მაქსიმალური კონსოლიდაცია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, სიმართლე ვთქვათ, კონსოლიდაცია არ არის ადვილი.. გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენს თავს მოხდა უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ ვყოფილიყავით მაკონსოლიდირებელი ძალა და ჩვენ მოგვეხდინა კონსოლიდაცია სხვადასხვა ძალების, ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ის სურათი, რაც შევთავაზეთ 9 ნოემბრის შემდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას.
მიუხედავად ამისა, ახლა ყველა ძალამ პარტიის შიგნით უნდა ვიპოვოთ პირველ რიგში ძალა საკუთარ თავში. იდეური დაპირისპირება, რომელიც ძალაში რჩება, განზე უნდა გადავდოთ და სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ. ამის შემდეგ დავუბრუნდებით იმ პროცესს, რომელიც ნორმალურია, როგორც წესი, პოლიტიკური პარტიებისთვის, მაგრამ არა ამ დროს, როდესაც ფორსმაჟორული მდგომარეობაა“, – ამბობს ის.
მელია ჟურნალისტებთან დასძენს, რომ ენმ-ს „თავი რომ არ შეერცხვინა საკუთარი თავით 9 ნოემბრიდან მოყოლებული, აქ [ოფისში] ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იქნებოდა“. ამასთანავე, ის პირობას აძლევს პარტიის მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს, რომ გააკეთებს ყველაფერს სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად – „ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ისევე, როგორც სხვისი ვალია და ამას არავითარი ბიუროკრატიული თანამდებობა და პარტიული თანამდებობა არ სჭირდება“.
„ვიწყებთ ამ ბრძოლას მინუსიდან, სამწუხაროდ. იმიტომ, რომ ხალხის ნაწილს ხალისი დავუკარგეთ ბრძოლის და ეს არის ძალიან ცუდი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩება.
სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა. ამ პერიოდში ჩატარდა 15 სხდომა.
ნახეთ ასევე: