ახალი ამბები

ხაბეიშვილის შეთავაზება არასერიოზული და კომიკურია — სარჯველაძე

1 თებერვალი, 2023 • 501
ხაბეიშვილის შეთავაზება არასერიოზული და კომიკურია — სარჯველაძე

„ქართული ოცნების“ წევრი მიხეილ სარჯველაძე არასერიოზულსა და კომიკურს უწოდებს ლევან ხაბეიშვილის შეთავაზებას.

კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლებენ, ის მზადაა, საკუთარ გუნდთან ერთად დატოვოს პარლამენტის და საკრებულოების მანდატები, დამატებით, ენმ-ის ცენტრალური ოფისი ბიძინა ივანიშვილს გადაუფორმოს.

სარჯველაძის თქმით, ხაბეიშვილის შეთავაზება შესაძლოა, იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ის ვერ ერკვევა პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხებში.

„არ ვიცი, შეიძლება, ეს შეთავაზება მისთვის მისაღებია ან შეიძლება, ამ საკითხებში ვერც ერკვევა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლება ზედმიწევნით სამართლებრივი საკითხია და არ შეიძლება ასეთი პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოს. როცა ხაბეიშვილი ასეთ შეთავაზებას აკეთებს, უნდა ხვდებოდეს, რა გამოაქვს შესათავაზებლად.

არ ვიცი, რატომ ჰგონია და რატომ აქვს საერთოდ ასეთი განცდა, რომ ვინმესთვის მნიშვნელოვანი იყოს მისი პარტიის ოფისის დათმობა ან მისი ყოფნა-არყოფნა პარლამენტსა თუ საკრებულოში. ეს არ არის სწორი და ლოგიკური დამოკიდებულება. ამიტომაცაა ეს ყველაფერი არა მხოლოდ უბრალოდ არასერიოზული, არამედ კომიკურიც“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი