ახალი ამბები

კეზერაშვილის ცოლის ძმამ ენმ-ის წალენჯიხის Facebook-ის ადმინობა ჩამომართვა — პარტიის წევრი

1 თებერვალი, 2023 • 1653
კეზერაშვილის ცოლის ძმამ ენმ-ის წალენჯიხის Facebook-ის ადმინობა ჩამომართვა — პარტიის წევრი

გიორგი გაბელია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წალენჯიხის Facebook-ის გვერდს მართავდა, აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ მას აღნიშნული ფუნქცია ჩამოართვეს. ამის შესახებ გიორგი გაბელიამ Facebook-ზე 31 იანვარს, ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებიდან მეორე დღეს დაწერა.

თავად გიორგი გაბელია ენმ-ის შიდაპარტიულ არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერდა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წალენჯიხის Facebook-ის გვერდს 2012 წლიდან მართავდა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში პარტიამ რამდენიმე თავმჯდომარე შეიცვალა, მსგავსი რამ „არცერთს არ უკადრებია“.

„აქამდე, ყოველ ჯერზე, ახალი თავმჯდომარის მოსვლის შემდეგ ,ახალი თავმჯდომარე ატარებდა ფეისბუქ ადმინების თათბირს, რის შემდეგაც ვიღებდით ხელახალ ნდობას.

დღეს მოულოდნელად ჩვენს გვერდზე გამოჩნდა არალეგიტიმური პირის მიერ დაწერილი პოსტი, რის შემდეგაც ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება და დავრეკეთ ცენტრალურ ოფისში“, — წერს გიორგი გაბელია.

მისი თქმით, ცენტრალურ ოფისში დარეკვიდან რამდენიმე წუთში მას დიმიტრი ჩიქოვანი დაუკავშირდა და უთხრა, რომ გვერდის მართვიდან პირადად მან ჩახსნა.

დიმიტრი ჩიქოვანი „ფორმულას“ დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. ჩიქოვანი 2022 წლის იანვარში, ენმ-ის ახალი სამდივნოს დანიშვნის შემდეგ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მდივნის პოზიციას იკავებდა. თუმცა პარტია რამდენიმე თვეში დატოვა.

უცნობია, იკავებს თუ არა ის ამჟამად პარტიაში რამე თანამდებობას.

„დიმიტრი ჩიქოვანმა მითხრა, რომ 4 ადამიანი პირადად ჩაგვხსნა ფბ ადმინობიდან. როდესაც ვკითხე თანამდებობა და ფუნქცია, მელაპარაკა აგრესიულად. ეს ადამიანი აღმოჩნდა დავით კეზერაშვილის ცოლისძმა. ჩემთვის გაუგებარია ამ ადამიანის მოტივაცია და რისი მიღწევა სურს? რა უფლებამოსილება აქვს, ვინ მიანიჭა ეს უფლებამოსილება?

ბატონო ლევან [ხაბეიშვილი], ასე ჩვენ ვერ დავიხსნით ტყვეობიდან პრეზიდენტს და ვერ შევასრულებთ მის სურვილს საერთო ერთიანობაზე“, – წერს გიორგი გაბელია სოციალურ ქსელში.

ნეტგაზეთმა სცადა დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირება, თუმცა ჩვენს ზარებსა და შეტყობინებას არ უპასუხა.

თავად ლევან ხაბეიშვილის შტაბში აცხადებენ, რომ აღნიშნული შემთხვევის შესახებ არ იციან. როგორც ნეტგაზეთს ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრმა ლაშა ფარულავამ განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ სცეს პატივი მხარდამჭერების უმრავლესობის გადაწყვეტილებას და ლევან ხაბეიშვილის პარტიის ახალ თავმდჯომარედ არჩევას.

„არ ვიცი, ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ, ზოგადად, მთავარი მანდ არის ის, რომ შიდაპარტიული არჩევნები ჩატარდა, ყველა კანდიდატმა ეს შედეგი მიიღო და ყველამ უნდა სცეს პატივი მხარდამჭერების უმრავლესობის გადაწყვეტილებას. ეს არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ამ ჩასაფრებებსა და კენჭების სროლას, აზიანებს ერთობას და მთავარ მიზანს — მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას. შესაბამისად, ყველას მივმართავ, რომ თავი შეიკავონ კენჭების სროლისგან და მეტი პასუხისმგებლობით მივუდგეთ დამდგარ შედეგსაც და მთავარ ამოცანასაც“, – აცხადებს ლაშა ფარულავა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ გიორგი გაბელია არ აღიარებდა შიდაპარტიულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას, ფარულავა გვპასუხობს, რომ კონკრეტული შემთხვევა მნიშვნელოვანი არ არის.

„მე ჩემი პოზიცია გაგაცანით და კონკრეტული შემთხვევა არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია საკითხი – ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამომრჩევლების ნებას. ეს არის დემოკრატიაში ყველაზე მნიშვნელოვანი“, – აცხადებს ლაშა ფარულავა.

ფარულავას თქმით, არც იმის შესახებ აქვს ინფორმაცია, იკავებს თუ არა დიმიტრი ჩიქოვანი ენმ-ში ამჟამად რაიმე თანამდებობას.

„არ ვიცი [იკავებს თუ არა დიმიტრი ჩიქოვანი რაიმე თანამდებობას პარტიაში]. არავინ არაფერ თანამდებობაზე ჯერ არ არის. თანამდებობებზე კი არა, იურიდიულად ნიკა მელიაა ჯერ თავმჯდომარე და ახლა ხდება ამომრჩევლების ნების სამართლებრივად გაფორმება“, — აცხადებს ლაშა ფარულავა.

განახლება[17:50]

პირველ თებერვალს, დღის მეორე ნახევარში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომ პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა, გაძლიერდება რეგიონალური პოლიტიკა და ორგანიზაციები, აირჩევა ​ ახალი პოლიტიკური საბჭო და სხვადასხვა საპასუხისმგებლო მიმართულებებზე მუშაობას პარტიაში ახლადმოსული, შედეგზე ორიენტირებული ადამიანები შეუდგებიან.

განცხადების თანახმად, პრაგმატული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და რეალიზება გარკვეულ დროს მოითხოვს.

„რაც შეეხება არაპოლიტიკურ, წმინდა საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ მართვას, მათ შორის სხვადასხვა სოციალური ქსელში პარტიის კუთვნილებაში არსებული სხვადასხვა რესურსების კოორდინირებულ მუშაობას, ენმ-ის გენერალური მდივნის მითითებით, პარტიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ხარისხის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა შუალედური ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო გადაწყვეტილებები უკვე აღსრულების პროცესშია“, – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი