ახალი ამბები

პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – კალაძე

31 იანვარი, 2023 • 938
პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პოლარიზაცია პირველ რიგში უნდა დასრულდეს საქართველოს უცხოელი მეგობრებისგან .

კალაძის თქმით, ის „აბსურდული განცხადებები, რაც კონკრეტულ პირებთან მიმართებაში“ უცხოელი მეგობრებისგან ისმის, ურთიერთობებს აზიანებს და ხელს უწყობს პოლარიზებას.

„ცხადია, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება და შესრულებული იქნება თორმეტივე პუნქტი. ამ 12 პუნქტის ერთ-ერთი მიმართულება არის პოლარიზაციის [შემცირება] და, ცხადია, ეს ცალმხრივად ვერ მოხდება, შეუძლებელია. ძალიან ბევრი გვაქვს ამაზე ნასაუბრები. თუმცა სხვა რეკომენდაციები რაც იყო, რა თქმა უნდა, ყველაფერი ზედმიწევნით იქნება შესრულებული.

შემდეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მე არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი. არც ამას გამოვრიცხავ დღევანდელი რეალობიდან და იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რაც მაშინ მიიღეს, თუნდაც, როდესაც უკრაინას და მოლდოვას მისცეს [სტატუსი] და არანაირი ახსნა-განმარტება არ ჰქონდა იმას, თუ რატომ არ მისცეს სტატუსი საქართველოს. რეალურად, ყველა ასპექტში და ყველა მიმართულებით საქართველო გაცილებით წინ იყო. თუმცა არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ მე არ ვგულშემატკივრობ ან უკრაინას, ან მოლდოვას. პირიქით, ვულოცავ ამ სტატუსს. უბრალოდ, საქართველო დაჩაგრეს. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი