ახალი ამბები

იასკო: მერაბიშვილი ძალიან იშვიათი სტუმარი იყო კიევში

31 იანვარი, 2023 • 813
იასკო: მერაბიშვილი ძალიან იშვიათი სტუმარი იყო კიევში

უკრაინის რადას დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი, ლიზა იასკო აცხადებს, რომ იმ ადამიანებს შორის, რომელთაც  მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის ოპერაცია დაგეგმა, ვანო მერაბიშვილი არაა.

ამის შესახებ ლიზა იასკომ 30 იანვარს „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტმა იასკოს ჰკითხა, იგულისხმება თუ არა ვანო მერაბიშვილი, როცა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ღალატზე მიდის საუბარი.

„მე არ მინდა სახელები დავასახელო, არც ვანო მერაბიშვილი, არც სხვა არავინ. როდესაც კარგად ვიცოდი, ვინ უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშილს, ვანო მერაბიშვილი ამ ჯგუფში არ იყო. ის ძალიან იშვიათი სტუმარი იყო კიევში. მე ვერ დავადასტურებ, რომ იმ დროს რაღაც ხდებოდა. ალბათ, ვანოს რაც ჰქონდა სათქმელი, თვითონ თქვა.

მე ვფიქრობ, რომ რაღაც სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით არ არის კორექტული. ახლა არ ვიტყვი, ვინ იყო მოღალატე და სახელებს არ დავასახელებ. თანაც არა მგონია, რომ ეს სააკაშვილს რამენაირად დაეხმარება, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი ხალხი არის, მოღალატეები არიან რამდენიმე მხრიდან“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

ლიზა იასკოს თქმით, ბევრმა ადამიანმა თავის დანაპირები არ შეასრულა და სააკაშვილის თემით პიარი გაიკეთა.

“ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიკეთა პიარი და კარიერა მიხეილ სააკაშვილის სახელზე და აგრძელებს ამის კეთებას. ძალიან ბევრი ადამიანი სპეკულირებს სააკაშვილის სახელით და დღევანდელი შავი პიარის კამპანია არჩევნების წინ იყო ამის ნაწილი.

მინდა ყველა კონცენტრირდეს მთავარ ამბებზე და კონკრეტულ მოქმედებაზე და არა იმაზე, თუ ვინ გამოჩნდება ტელევიზიაში ყველაზე ხშირად და ყველაზე ლამაზად იტყვის თავის სიტყვას“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

ამავე ეთერში ლიზა იასკომ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხაბეიშვილი ქართველი ხალხის აზრს ასახავს, განსაკუთრებით მათსას, ვინც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარებითაა შეწუხებული.

მისი თქმით, ალბათ, ლევან ხაბეიშვილი გახდება ის ფიგურა, რომლის გარშემოც ხალხი გაერთიანდება და მოითხოვს სამართლიანობას, რადგან ეს არა იმდენად მიხეილ სააკაშვილის საკითხია, რამდენადაც ზოგადი სამართლიანობის და ადამიანობის.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში მის დაბრუნებას გეგმავდნენ, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ.

ამის შესახებ სააკაშვილი Der Spiegel-თან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

„მინდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო დაემთხვა – ცოტა ხანში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან. არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაც ადამიანები, ვინც ჩემ დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი