საზოგადოება

არაა გამორიცხული, ვინც ჩემ დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის აგენტები იყვნენ – სააკაშვილი

27 იანვარი, 2023 • 1035
არაა გამორიცხული, ვინც ჩემ დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის აგენტები იყვნენ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში მის დაბრუნებას გეგმავდნენ, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ.

ამის შესახებ სააკაშვილი Der Spiegel-თან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. სრულად ამ ინტერვიუს „მთავარი არხი“ ავრცელებს, რომლის თქმით, სააკაშვილის პასუხები გერმანულ გამოცემას გიული ალასანიამ გადასცა.

სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველო რუსეთისთვის სასარგებლო იარაღია საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის – „სინამდვილეში, ჩემი სამშობლო პუტინის ერთგული მოკავშირე გახდა“.

„პრეზიდენტი პუტინი, მისი წინამორბედი დიმიტრი მედვედევი და საგარეო მინისტრი ლავროვი არა მხოლოდ ჩემი ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებენ. ისინი, განსაკუთრებით პუტინი მოითხოვდა ჩემ საქართველოში დაჭერას და გასამართლებას.

არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა, არ აღიარებს და ცნობს ჩემ ბრალეულობას და ჩემ მიმართ გამოტანილ განაჩენებს. მე მინდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო დაემთხვა – ცოტა ხანში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან. არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაც ადამიანები, ვინც ჩემ დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ამავე ინტერვიუში სააკაშვილი ამბობს, რომ მოწამლულია და დასძენს, რომ კლინიკის ექიმებს, სადაც მაისის მერე იმყოფება, ეს ეჭვი მისი შემოყვანისთანავე გაუჩნდათ.

ჟურნალისტი: თქვენ ასევე ამტკიცებთ, რომ გაწამეს. რას ნიშნავს ეს უფრო ზუსტად?

სააკაშვილი: თქვენ რას დაარქმევდით, როცა მძიმედ დაავადებული პატიმარი პაციენტი ათასობით სახიფათო კრიმინალის გარემოცვაშია გამოკეტილი, რომლებიც დღე და ღამე ყვირიან და იმუქრებიან, რომ მოგკლავენ? მე რადიოს მთელ ხმაზე ჩართვა მიწევდა, რომ ნაწილობრივ მაინც გადამეფარა ეს ხმები.

წამება არაა, როცა ჩემ მდგომარეობაში 200 წნევით თითქმის უგონოდ წევს ადამიანი და შუაღამეს ბადრაგს აგზავნიან მოსახრჩობად? ან როცა ციხის საავადმყოფოში გცემენ?“.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სააკაშვილი ამბობს, რომ თუ ის გადარჩა, მომავალს მხოლოდ უკრაინაში ხედავს.

„ამ ქვეყნის ისტორიაში უკვე ვითამაშე გარკვეული როლი და უზომოდ ბედნიერი ვიქნები, ზელენსკისთან ერთად და მისი ხელმძღვანელობით ვიმუშაო. მას თავისუფალი სამყაროს ლიდერად აღვიქვამ. ძალიან სევდიანია იმის ყურება, როგორ იქცა საქართველო ამ ომში კრემლის მოკავშირედ“, – აცხადებს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი