ახალი ამბები

EU-ს რეკომენდაციების შესრულება ყოველთვის მარტივი არაა, მაგრამ ნამდვილად ღირს – ავსტრიის კანცლერი

30 იანვარი, 2023 • 810
EU-ს რეკომენდაციების შესრულება ყოველთვის მარტივი არაა, მაგრამ ნამდვილად ღირს – ავსტრიის კანცლერი

საქართველოში ვიზიტით იმყოფება ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი. ავსტრიის კანცლერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

როგორც კარლ ნეჰამერმა განაცხადა, საქართველო ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონონომიკური პარტნიორია და არსებობს ბევრი შესაძლებლობა, მათ შორის, ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვის.

ავსტრიის კანცლერის თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც საუბარია ეკონომიკური ბაზრის განვითარებაზე, ტურიზმზე, ენერგოგენერაციასა და ენერგეტიკის მიმართულებაზე.

ავსტრიის კანცლერმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ და აღშნიშნა, რომ ავსტრია მზადაა, საქართველოს მხარი დაუჭიროს.

„ბატონმა პრემიერ-მინისტრმა [ღარიბაშვილი] ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა იმისთვის, რომ შესრულებულიყო ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები. ჩვენთვის ცხადია, ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს ამ მიმართულებით სვლა, ღირს ძალისხმევის გაძლიერება, უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება ამ მიმართულებით, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან ეს პროცესი, მათ შორის, მოიტანს ძალიან ბევრ ცვლილებას შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

პოლიტიკურად იმ ადამიანებისთვის, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ეს ყოველთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს შევთავაზე ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, რა მიმართულებითაც ამის საჭიროება იქნება. ამავდროულად, ეს პროცესი ცხადყოფს, რომ ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს. არ უნდა იყოს ერთგვარი შემოკლებული გზით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. ბოლო პერიოდის განმავლობაშიც მართლაც არსებობდა ამ თემაზე დისკუსია ევროკავშირის ფარგლებში, თუ რა წარმატებები იყო ამ სამი კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში, და როდესაც ავსტრიის მხარდაჭერაზე ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს ავსტრიის მზადყოფნას, მათ შორის, ნოუ ჰაუს თვალსაზრისით, რომ ჩვენ მხარში ამოგიდგეთ. ჩვენც ვიყავით მსგავს სიტუაციაში, როდესაც ევროკავშირის წევრობის სტატუსი გვქონდა და ვიცით, რა არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი“,- განაცხადა კარლ ნეჰამერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი