ახალი ამბები

აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 885 საბავშვო ბაღს – მთავრობა

30 იანვარი, 2023 • 720
აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 885 საბავშვო ბაღს – მთავრობა

საქართველოს მასშტაბით იგეგმება 330 ახალი საბავშვო ბაღის აშენება და 555 არსებული ბაღის რეაბილიტაცია. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის ცნობით, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და ამისთვის ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება. პროექტს განახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი. მთავრობის ინფორმაციით, ტენდერები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

“ახალი პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და პრიორიტეტების მიხედვით იგეგმება”, – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საბავშვო ბაღების პროექტის პირველი ეტაპისთვის უკვე გათვალისწინებულია 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი