ახალი ამბებიეკონომიკა

რუსეთთან ურთიერთობის მცდელობები პოტენციურად ართულებს EU-ის კანდიდატობას — Fitch

28 იანვარი, 2023 • 12112
რუსეთთან ურთიერთობის მცდელობები პოტენციურად ართულებს EU-ის კანდიდატობას — Fitch

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა.

Fitch-ის ანგარიშის თანახმად, პოზიტიური პერსპექტივა ნაწილობრივ ასახავს მშპ-ის მაღალ ზრდას, საერთაშორისო რეზერვების ზრდას და ფისკალურ ეფექტურობას 2022 წელს, რაც გამოწვეულია ტურიზმის აღდგენით და მიგრანტების დიდი რაოდენობისა და კაპიტალის შემოდინებით რუსეთიდან.

Fitch-ის პროგნოზით, მშპ-ის ზრდა 2023 წელს 4,5% იქნება, 2024 წელს კი — 5%.

მთავრობის ვალის პანდემიამდელ ნიშნულამდე შემცირება, ფისკალური დეფიციტის კლება და საერთაშორისო რეზერვების შევსება, ეკონომიკური ზრდის გარდა, აისახა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტისა და დოლარიზაციის შემცირებაში. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ელის, რომ ამ ფაქტორების გაუმჯობესების ტენდენციის შენარჩუნება რეიტინგის BB+ დონეზე გაუმჯობესების წინაპირობა იქნება.

„ეს ნიშნავს, რომ მომდევნო შეფასებებზე Fitch ელის რეიტინგის გაუმჯობესებას, რითაც ქვეყანას უკვე ერთი ნაბიჯი დარჩება საინვესტიციო რეიტინგამდე“, — აცხადებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საყურადღებოა, რომ ფინანსთა სამინისტროს პრესრელიზში რუსი მიგრანტების და კაპიტალის ფაქტორი რეიტინგის გაუმჯობესებაში ნახსენები არ არის.

Fitch საქართველოს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე გეოპოლიტიკური გამოწვევების გავლენაზეც წერს და ამბობს, რომ ქვეყანა ექვემდებარება გეოპოლიტიკურ რისკებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მონაწილეობით მოუგვარებელი კონფლიქტების გამო. ასევე, მთავრობის მცდელობები, შეძლოს რუსეთთან ურთიერთობა, პოტენციურად კიდევ უფრო ართულებს მის მიზანს, მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

„2022 წლის ივნისში საქართველოს ამ სტატუსის არ მინიჭებით, ევროკავშირმა განსაზღვრა პრიორიტეტული რეფორმები საქართველოსთვის, მათ შორის სასამართლო და პოლიტიკური წარმომადგენლობის გაძლიერება და ოლიგარქების გავლენის შემცირება“, — ნათქვამია ანგარიშში.

მსოფლიო ბანკის მმართველობის რეიტინგში საქართველოს შედეგი ბოლო ორი წლის განმავლობაში 1.5%-ით გაუარესდა და Fitch ამ მხრივ ბოლო ტენდენციის შეცვლას არ ალის.

მასალების გადაბეჭდვის წესი