ახალი ამბები

USA2GEORGIA მოდავეებს ტრანსპორტირების ფასთა სხვაობის ანაზღაურებას ჰპირდება

28 იანვარი, 2023 • 1239
USA2GEORGIA მოდავეებს ტრანსპორტირების ფასთა სხვაობის ანაზღაურებას ჰპირდება

USA2GEORGIA აცხადებს, რომ არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული, რომელიც USA2GEORGIA-ს მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევას სწავლობს. საკითხი ეხება მომხმარებლების მიერ ნივთის დისტანციურად შეძენისას აშშ-დან ტრანსპორტირების საფასურის გამოთვლის წესის ცვლილებას. კონკურენციის სააგენტოს თანახმად, განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ გადამზიდმა კომპანიამ USA2GEORGIA-მ, მომხმარებლების გაფრთხილების გარეშე, წონის გამოთვლის წესი შეცვალა და ნაცვლად რეალური წონისა, მოცულობითი წონის გამოთვლის ფორმულა გამოიყენა, რამაც ღირებულება მკვეთრად გაზარდა.

„გვსურს, მივმართოთ USA2GEORGIA-ს მომხმარებელთა იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ სახელშეკრულებლო ცვლილების შესახებ ინფორმაცია დროულად არ მიუღია – შეავსოს კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური განაცხადის ფორმა. კომპანიის მენეჯმენტი ჰპირდება მომხმარებლებს, რომ უსწრაფესად განიხილავს თითოეულ შემთხვევას და მოცულობით წონასთან დაკავშირებით გაწეული დამატებითი ხარჯი, მოკვლევის შემდეგ დაუყოვნებლივ აუნაზღაურდება“, — ნათქვამია USA2GEORGIA-ს განცხადებაში.

გადამზიდავი კომპანია ამბობს, რომ წლების განმავლობაში, მომხმარებელთა ნაცვლად ფარავდა მოცულობითი წონის გადასახადს საოპერაციო ხარჯებიდან, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე გადაზიდვების მიმართულებით გაზრდილი ფასებისა და გამკაცრებული რეგულაციების ფონზე, შეუძლებელია მოცულობითი წონის აქციის მუდმივი შენარჩუნება. კომპანიამ დააბრუნა ამანათების „ზომაში შემცირების/ გადაფუთვის“ სერვისი, რომელიც ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ამცირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი