ახალი ამბები

გერმანია უკრაინას ჯერ 14 „ლეოპარდს“ გადასცემს, დაგეგმილია 2 სატანკო ბატალიონის შეკრება

25 იანვარი, 2023 • 1108
გერმანია უკრაინას ჯერ 14 „ლეოპარდს“ გადასცემს, დაგეგმილია 2 სატანკო ბატალიონის შეკრება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკების მიწოდების შესახებ.

შოლცის თქმით, ეს არის ინტენსიური კონსულტაციების შედეგი, რომელიც გაიმართა გერმანიის უახლოეს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან.

გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, გამიზნულია უკრაინისთვის Leopard 2 ტანკებით ორი სატანკო ბატალიონის სწრაფად შეკრება. როგორც პირველი ნაბიჯი, გერმანია 14 ერთეულ Leopard 2 A6 ტანკს გადასცემს ბუნდესვერის მარაგებიდან. ლეოპარდ-2 ტანკებს უკრაინელებს სხვა ევროპელი პარტნიორებიც გადასცემენ. უკრაინული ეკიპაჟების წვრთნა გერმანიაში სწრაფად დაიწყება. სწავლების გარდა, დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს ლოჯისტიკას, საბრძოლო მასალისა და სისტემის მოვლას.

გერმანიამ, ასევე, ნება დართო პარტნიორ ქვეყნებს, თავიანთი მარაგებიდან გაგზავნონ უკრაინაში Leopard 2 ტანკები.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ოლაფ შოლცს და უკრაინის მეგობრებს გერმანიაში.

მისი თქმით, გერმანული საბრძოლო ტანკები, თავდაცვის მხარდაჭერის შემდგომი გაფართოება და სასწავლო მისიები მწვანე შუქია პარტნიორებისთვის მსგავსი იარაღის მისაწოდებლად.

რა არის „ლეოპარდ 2“ და რატომ სჭირდება უკრაინას

„ლეოპარდ 2“ გერმანული წარმოების მთავარი საბრძოლო ტანკია, რომლის გადაცემასაც უკრაინა ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე ითხოვდა. გერმანული წარმოების ტანკები შეტევითი პოტენციალით გამოირჩევა.

გერმანიის გარდა, „ლეოპარდ 2-ის“ ტანკები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო არსენალში ირიცხება. ისინი ამ ქვეყნებს ექსპორტის ლიცენზიით მიეწოდა. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე გერმანიას შეუძლია ვეტო დაადოს მის რეექსპორტს. მაგალითად, არ მისცეს ამის უფლება პოლონეთს, რომელსაც უკრაინისთვის აღნიშნული ტანკების გადაცემა სურს.

კიევში, ხარკოვსა და ხერსონში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებების მიუხედავად, უკრაინას საბრძოლო ტექნიკის დეფიციტი აფერხებს. უკრაინის ტანკები ძირითადად საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა პერიოდისაა.

უკრაინა და მისი მოკავშირეები კი მიიჩნევენ, რომ ომის დასრულებას დააჩქარებდა რუსეთის დამარცხება უკრაინის კონტრშეტევით ბრძოლებში.

„ლეოპარდ 2“ ფართოდ ხელმისაწვდომია, რის გამოც უკრაინისთვის ხელსაყრელია. მაგალითად, აღნიშნული ტანკები აქვს პოლონეთსაც, რომლის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ გერმანია უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე უარს იტყოდა, ამის მიუხედავად, მაინც განიხილავდნენ უკრაინისთვის ტანკების გადაცემას.

ამ დრომდე მიწოდების მოწინააღმდეგეები მიიჩნევდნენ, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემა ნატოს ქვეყნების მხრიდან ომში ჩართვის ესკალაცია იქნება, რაც გაზრდის ომის მასშტაბების გავრცელების საფრთხეს. თუმცა უკრაინა აცხადებს, რომ ტანკებს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დასაცავად გამოიყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი