ახალი ამბები

Spiegel: გერმანია უკრაინას „ლეოპარდის“ ტანკებს გადასცემს

24 იანვარი, 2023 • 2812
Spiegel: გერმანია უკრაინას „ლეოპარდის“ ტანკებს გადასცემს

გერმანული გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანია უკრაინას „ლეოპარდ 2-ის“ ტანკებს გადასცემს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიიღო.

მათივე ინფორმაციით, ბერლინის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ინტენსიური კონსულტაციები მოკავშირეებთან, განსაკუთრებით კი- აშშ-თან.

მათივე ცნობით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურს, უკრაინას საბრძოლო ტანკები მხოლოდ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით მიაწოდოს.

გასულ კვირას გერმანიამ მიანიშნა, რომ უკრაიანაში „ლეოპარდის“ ტანკებს  არ გაგზავნიდა, თუ აშშ ასევე არ დათანხმდებოდა უკრაინისთვის  „აბრამსის“ ტანკების გაგზავნას.

CNN აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინაში ამერიკული წარმოების „აბრამსის“ ტანკების გაგზავნის გეგმაზე მუშაობა თითქმის დაასრულა და ტანკების გადაცემის შესახებ განცხადება შესაძლოა მიმდინარე კვირაში გაკეთდეს.

რა არის „ლეოპარდ 2“ და რატომ სჭირდება უკრაინას

„ლეოპარდ 2“ გერმანული წარმოების მთავარი საბრძოლო ტანკია, რომლის გადაცემასაც უკრაინა ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე ითხოვბდა. გერმანული წარმოების ტანკები საკუთარი შეტევითი პოტენციალით გამოირჩევა.

გერმანიის გარდა, „ლეოპარდ 2-ის“ ტანკები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო არსენალში ირიცხება. ისინი ამ ქვეყნებს ექსპორტის ლიცენზიით მიეწოდა. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე გერმანიას შეუძლია ვეტო დაადოს მის რეექსპორტს. მაგალითად, არ მისცეს ამის უფლება პოლონეთს, რომელსაც უკრაინისთვის აღნიშნული ტანკების გადაცემა სურს.

კიევში, ხარკოვსა და ხერსონში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებების მიუხედავად, უკრაინას საბრძოლო ტექნიკის დეფიციტი აფერხებს.  უკრაინის ტანკები ძირითადად საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა პერიოდისაა.

უკრაინა და მისი მოკავშირეები კი მიიჩნევენ, რომ ომის დასრულებას დააჩქარებდა რუსეთის დამარცხება უკრაინის კონტრშეტევით ბრძოლებში.

„ლეოპარდ 2“ ფართოდ ხელმისაწვდომია, რის გამოც უკრაინისთვის ხელსაყრელია. მაგალითად, აღნიშნული ტანკები აქვს პოლონეთსაც, რომლის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ გერმანია უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე უარს იტყოდა, ისინი ამის მიუხედავად, მაინც განიხილავდნენ უკრაინისთვის ტანკების გადაცემას.

ამ დრომდე მიწოდების მოწინააღმდეგეები მიიჩნევდნენ, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემა ნატოს ქვეყნების მხრიდან ომში ჩართვის ესკალაცია იქნება, რაც გაზრდის ომის მასშტაბების გავრცელების საფრთხეს. თუმცა უკრაინა აცხადებს, რომ ტანკებს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დასაცავად გამოიყენებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი