ახალი ამბები

მთავრობა იანვარში სტიქიის შედეგად დაზარლებულებს კომპენსაციას გადაუხდის

23 იანვარი, 2023 • 856
მთავრობა იანვარში სტიქიის შედეგად დაზარლებულებს კომპენსაციას გადაუხდის

საქართველოს მთავრობის განცხადებით, იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის, ასევე მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 20 მილიონი ლარზე მეტი გამოიყოფა.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, აქედან, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებს 19 695 000 ლარი გამოეყოფა:

„სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში 19 695 000 ლარი“, – აღნიშნულია განკარგულებაში.

ამასთან, მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მიმდინარე წლის იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფა 1 470 000 ლარი:

„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, მიმდინარე წლის იანვარში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 1 470 000 ლარი“, – აღნიშნულია განკარგულებაში.

იანვრის დასაწყისში დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარის გამო დაზიანდა სახლები, ელექტროგადამცემი ბოძები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურა. სტიქიის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ერთი კი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი