ახალი ამბები

ვოლოდინი: კიევისთვის შეტევითი იარაღის მიწოდება გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს

22 იანვარი, 2023 • 2163
ვოლოდინი: კიევისთვის შეტევითი იარაღის მიწოდება გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს

რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის ისეთი იარაღის მიწოდება, რაც “რუსეთის ტერიტორიების მითვისებისთვის” გამოიყენება, გამოიწვევს “უფრო ძლიერი იარაღით შურისძიებას”.

ამის შესახებ განცხადება ვოლოდინის ოფიციალურ ტელეგრამ არხზე გავრცელდა.

“კიევის რეჟიმისთვის შეტევითი იარაღის მიწოდება გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს. თუ ვაშინგტონი და ნატოს ქვეყნები [უკრაინას] მიაწვდიან იარაღს, რომელიც მშვიდობიანი ქალაქებზე თავდასხმისა და ჩვენი ტერიტორიების დაკავების მცდელობისთვის იქნება გამოყენებული, როგორც ისინი იმუქრებიან, – ეს უფრო ძლიერი იარაღის გამოყენებით საპასუხო მოქმედებებამდე მიგვიყვანს.

კონგრესის წევრებმა, ბუნდესტაგის დეპუტატებმა, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ და სხვა ევროპულმა პარლამენტებმა უნდა გაიაზრონ კაცობრიობის წინაშე პასუხისმგებლობა. თავისი გადაწყვეტილებით ვაშინგტონს და ბრიუსელს მსოფლიო საშინელი ომისკენ მიჰყავთ: ძალიან განსხვავებული საომარი მოქმედებებისკენ, ვიდრე არის დღეს, როცა დარტყმები ხორციელდება მხოლოდ სამხედრო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც კიევის რეჟიმი იყენებს.

რუსული იარაღის ტექნოლოგიური უპირატესობის გათვალისწინებით, უცხოელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, უნდა გაიგონ, რომ შეიძლება ეს დასრულდეს გლობალური ტრაგედიით, რომელიც გაანადგურებს მათ ქვეყნებს”, – აცხადებს ვოლოდინი.

მისი თქმით, ის არგუმენტი, რომ აქამდე ატომური იარაღის მქონე სახელმწიფოებს მასობრივი განადგურების იარაღი ადგილობრივ კონფლიქტებში არ გამოუყენებიათ, არ არის მყარი, რადგან “ეს სახელმწიფოები არ მდგარან ისეთი ვითარების პირისპირ, როდესაც საფრთხე მათ მოქალაქეებსა და ტერიტორიულ მთლიანობას შეეხებოდა”.

20 იანვარს 50-მდე ქვეყანა შეთანხმდა, რომ უკრაინას მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკას, მათ შორის ისეთ ჯავშანტექნიკასა და საბრძოლო მასალას გადასცემდნენ, რაც რუსეთის სამხედრო ძალების უკან დახევისთვის არის საჭირო. თუმცა, გერმანიამ რამშტაინის ავიაბაზაზე ნატოსა და სხვა ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შორის გამართული შეხვედრაზე განაცხადა, რომ ლეოპარდ 2-ის ტანკების უკრაინისთვის მიწოდებისთვის “მწვანე შუქის ასანთებად” მოკავშირეებს შორის თანხმობა უნდა შედგეს.

გერმანული წარმოების ლეოპარდის ტანკები ნატოს რამდენიმე ქვეყანას ჰყავს, თუმცა უკრაინაში გადასატანად ქვეყნებს ბერლინის თანხმობა სჭირდებათ, რადგან მათ ტანკები ექსპორტის ლიცენზიით მიეწოდებათ, რომლის თანახმადაც, გერმანიას შეუძლია ვეტო დაადოს რეექსპორტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი