ახალი ამბები

მოვუწოდებთ მედიას, პასუხისმგებლობით მოეკიდონ გაშუქებას – ქარტია საგარეჯოში მომხდარზე

20 იანვარი, 2023 • 1485
მოვუწოდებთ მედიას, პასუხისმგებლობით მოეკიდონ გაშუქებას – ქარტია საგარეჯოში მომხდარზე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება საგარეჯოში მომხდარს და მედიას მოუწოდებს, რომ კრიმინალის გაშუქებას პასუხისმგებლობით მოეკიდოს.

ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიას, პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხს და სენსაციურობის ნაცვლად, უპირატესობა მიანიჭონ ფაქტებზე ორიენტირებულ გაშუქებას.

„ამასთან, ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, მაღალი საჯარო ინტერესის გარეშე თავი შეიკავონ მძიმე ვიზუალური კადრების შემცველი მასალის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაღუპულ და დაჭრილ მოქალაქეთა ახლობლების რეტრავმირება“, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.


გვიან ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ცეცხლი გახსნა. ოფიციალური ცნობებით, მან მოკლა ეზოში მყოფი მოქალაქეები, მათ შორის ისინი, ვინც დაჭრილების დახმარებას ცდილობდნენ.

თავდამსხმელმა მოკლა 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი. შსს-ს ცნობით, ამის შემდეგ მან თავი სავარაუდოდ მოიკლა. თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო იყო. შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, სროლის დაწყებისას სახლში იმყოფებოდა ბრალდებულის სრულწლოვანი შვილიც. მან მალევე დატოვა ბინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვისა და ტარებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი