ახალი ამბები

წულუკიანის დროს დანიშნულმა ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

18 იანვარი, 2023 • 1433
წულუკიანის დროს დანიშნულმა ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ თეონა ჯაყელმა თანამდებობა დატოვა, მიზეზად კი დაასახელა კულტურის მინისტრთან პროფესიული ხედვების შეუთანხმებლობა.

თეონა ჯაყელი ამ თანამდებობაზე თეა წულუკიანის მინისტრობის პირობებში, 2022 წლის 15 მარტს დაინიშნა და სამინისტროს თანახმად, საქმიანობას 19 მარტს შეუდგა. ამ პერიოდისთვის „რეორგანიზაციის“ სახელით უკვე დაწყებული იყო მუზეუმიდან კვალიფიციური კადრების გათავისუფლება.

გუშინ 17 იანვარს, ორმა მედიასაშუალებამ, „ფორმულამ“ და „რადიო თავისუფლებამ“ ჯაყელის განცხადება გამოაქვეყნეს.

„ქალბატონო თეა,

პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

მოცემულ პოზიციაზე მუშაობის ურთულესი თვეების მანძილზე ჩემი კურატორობით მიმდინარეობდა მასშტაბური საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები, სადაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროფესიონალების გუნდთან ერთად დაიდო საინტერესო შედეგები. მოცემულ ეტაპზე კულტურის მინისტრის ხედვა მუზეუმის ინსტიტუციურ განვითარებასა და საკადრო პოლიტიკაზე არ ემთხვევა ჩემს პროფესიულ ხედვას. აღნიშნულიდან გამომდინარე ვტოვებ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას“ ,- წერს ჯაყელი 2023 წლის 13 იანვრით დათარიღებულ განცხადებაში.

გათავისუფლების შესახებ კიდევ ერთი, ამჯერად საჯარო განცხადება ყოფილმა მოადგილემ გუშინ ფეისბუკზეც გამოაქვეყნა. მან დაადასტურა, რომ ტოვებს თანამდებობას – „ჩემი პროფესიული შეხედულებების გათვალისწინებით“.

„განცხადება გათავისუფლების თაობაზე შეგვიძლია განვიხილოთ ქალბატონი მინისტრის პოლიტიკის კრიტიკად“ – პროფკავშირი

ჯაყელის გადადგომას წულუკიანის კრიტიკად აფასებს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი.

„შეგახსენებთ, რომ თეონა ჯაყელი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის გუნდის წევრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნისას, მუზეუმის ახალმა ხელმძღვანელობამ განახორციელა უსამართლო რეორგანიზაცია, რასაც მოჰყვა ათეულობით კვალიფიციური და დამსახურებული პროფესიონალის გათავისუფლება, თეონა ჯაყელის განცხადება გათავისუფლების თაობაზე შეგვიძლია განვიხილოთ ქალბატონი მინისტრის პოლიტიკის კრიტიკად.

თეონა ჯაყელის მინისტრის საკადრო პოლიტიკასთან დაპირისპირება კიდევ ერთხელ ამყარებს ჩვენ ვარაუდებს მუზეუმში მოსალოდნელი რეორგანიზაციის მეორე ტალღის შესახებ, რასაც სავარაუდოდ თან სდევს საკადრო წმენდაც. ეს მოსაზრება გამყარებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში უკვე განხორციელებული ორი რეორგანიზაციის ფაქტით“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთანავე, პროფკავშირი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ჯაყელი ხელმძღვანელობდა 2023 წელს ბრიუსელში „ევროპალიას“ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი გამოფენების პროექტსა და 2024 წლის კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში ქართული კულტურის გამოფენა-მოწყობის პროცესს.

„საქართველოს ეროვნულ მუზეუმის ახალ მმართველ ჯგუფს თეონა ჯაყელის გარეშე კულტურის სფეროში არსებული კომპეტენციის ის მინიმალური კომპონენტიც გამოეცლება, რომელიც მას უკანასკნელი რეორგანიზაციის შემდეგ შემორჩა, მუზეუმში პროფესიონალების შევიწროებისა და დისკრიმინაციის მიმდინარე პოლიტიკის ფონზე კი, შეუძლებლად გვესახება ამ პროექტების განხორციელება“.

ორგანიზაცია მოუწოდებს კულტურის სამინისტროს, შეწყვიტოს კულტურისა და მეცნიერების სფეროში დისკრიმინაციული და რეპრესიული პოლიტიკის წარმოება. პროფკავშირი ასევე მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, მიიღოს ზომები ამ დისკრიმინაციული და დესტრუქციული პოლიტიკის შესაჩერებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი