აფხაზეთში სახალხო მოძრაობის თავმჯდომარე ადგურ არძინბა და ორგანიზაციის უმაღლესი საბჭოს წევრები რომან კაჭარავა და ომარ სმირი 2022 წლის დეკემბერში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩრდილოეთ კავკასიაში – ადიღეს რესპუბლიკაში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში და ყაბარდო-ბალყარეთში იმყოფებოდნენ.
ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი არძინბა მიჩნევს, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში ჩრდილოეთ კავკასიელებიც უნდა ჩაერთონ, როგორც ეს 80-იან წლებში ვლადისლავ არძინბამ გააკეთა.
ადგურ არძინბას აზრით, კარგი იქნებოდა, ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით რეპატრიაციის პროცესი დაიწყოს.
“ჩვენი რეპატრიაციის კომიტეტი, რომელიც აფხაზეთში ეთნიკური აფხაზების დაბრუნების საკითხით უნდა იყოს დაკავებული ფაქტიურად ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. თურქეთიდან, სირიიდან და ზოგადად ახლო აღმოსვლეთიდან, სადაც დღეს ჩვენი ძმები ცხოვრობენ, ჩვენთან პრაქტიკულად არავინ ჩამოდის. მაშ ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით მაინც რატომ არ უნდა ვიმუშაოთ. აბაზებს, ადიგებსა და ჩერქეზებს ხომ ჩვენს სისხლ-ხორცად მივიჩნევთ”, – ამბობს არძინბა.
არძინბა ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებობს მსხვილი ბიზნესი, რომელიც აფხაზეთში სხვადასხვა მიმართულებით ინვესტირებას შეძლებდა – “მათთვის აფხაზეთში ბიზნესი ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე იმ ინვესტორებისთვის, ვისაც არაფერი აკავშირებს აფხაზეთთან”, – ამბობს არძინბა.
არძინბას თქმით, ამასთან, საჭიროა მეტი ურთიერთობა კულტურული კავშირების განვითარებისთვისაც. ამ პროცესებით, როგორც ის ამბობს, დღეს საქართველოშიც აქტიურად არიან დაკავებული – “ჩრდილოეთ კავკასიისა და საქართველოს დაახლოების პირველი ნაბიჯი იყო ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარება, შემდეგ კი თბილისში ჩერქეზული კულტურული ცენტრის გახსნა”.
არძინბა ამბობს, რომ დღეს ჩრდილოეთ კავკასიის პრაქტიკულად ყველა ქალაქში მუშაობს ქართული რესტორანი, რომლებიც, პირველ რიგში, კულტურის პოპულარიზაციით არიან დაკავებული.
“და რა ხდება ჩვენს შორის? არცერთი აფხაზური კულტურის ცენტრი, არც პრაქტიკულად რაიმე კონტაქტები აფხაზებსა და ჩრილოეთ კავკასიელ ხალხებს შორის არ არსებობს. რამდენიმე წლის წინ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებობდა სურვილი გახსნილიყო აფხაზეთის წარმომადგენლობა. მაშინ პრეზიდენტი ხაჯიმბა არც გამოხმაურებია ამ ინიციატივას. არც ამის ფინანსური რესურსი მოინახა. საკითხი მუდმივად გადადებულია მომავლისთვის”.
ადგურ არძინბა სთავაზობს კანონში მოქალაქეობის შესახებ ცვლილებები შევიდეს, რათა კეთილსაიმედო პირობები შეიქმნას აფხაზეთის პასპორტის ასაღებად ადიღებისთვის, აბაზეისა და ჩერქეზებისთვის.
“მათთვის სტიმულია ჩვენი პასპორტის მიღება უკრაინაში ომთან დაკავშირებული სიტუაციის გამო. საქმე იმაშია, რომ ორმაგი მოქალაქეობა მისცემს ახალგაზრდა ბიჭებს საშუალებას, აფხაზეთში გაიარონ სავალდებულო ჯარი და არა რუსეთში”.
ამასთან, მთელ ამ პროცესში ის აფხაზური არმიისა და თავდაცვისუნარიანობისთვის პლიუსებს ხედავს. რამდენადაც აფხაზეთის შეიარაღებული ძალებს ახალი ძალები დაემატებოდა და ამ გზით აფხაზეთი ორ კურდღელს დაიჭერდა – ახალგაზრდა ადიღების, ჩერქეზების და აბაზების დაცვა უკრაინაში რეალური საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისგან და აფხაზური არმიის შევსება.
აფხაზეთში ყველა პოლიტიკური ძალა აფხაზეთის მომავალზე საუბრისას მის თავდცვისუნარიანობაზე საუბრობს, რამდენადაც არ გამორიცხავენ აფხაზეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ალბათობას. ამ მხრივ, არც ოპოზიციაა გამონაკლისი, თუმცა, ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელმაც ეს საკითხი მთლიანად რუსეთის სამხედრო კონტინგენტს დააკისრა, ისინი მეზობელი რესპუბლიკების ჩართვაზე მუშაობენ.
“ჩვენ ადგიღებისგან, ჩერქეზებისა და აბაზებისგან განსხვავებით, ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყანა გვაქვს, ისინი იმედით შემოგვყურებენ და ჩვენ მათთვის მაგალითს წარმოვადგენთ”, – ამბობს ადგურ არძინბა.