ახალი ამბები

მისმა შემოქმედებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა თაყვანისმცემლებზე – ზურაბიშვილი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება

16 იანვარი, 2023 • 753
მისმა შემოქმედებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა თაყვანისმცემლებზე – ზურაბიშვილი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ კინომსახიობისა და მომღერლის შემოქმედებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა მის თაყვანისმცემლებზე.

“მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კულტურის სახელოვანი მოღვაწის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მისმა შემოქმედებამ და ხელოვნებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა გულებში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს”, – წერს ზურაბიშვილი.

ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გუშინ, 15 იანვარს გარდაიცვალა.


ბუბა კიკაბიძე საქართველოს კინოსა და ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი იყო. ვრცელი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ის მღეროდა ისეთ ანსამბლებში, როგორიცაა „დიელო“, „რერო“ და „ორერა“.

გარდა ამისა, შესრულებული აქვს არაერთი როლი, მათ შორის: პავლე – „ვერის უბნის მელოდიები“; ვალიკო მიზანდარი – „მიმინო“; გია – „შეხვედრა მთაში“ და მრავალი სხვა.

კიკაბიძე 2020 წლიდან საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ პარტიული სიით მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი