ახალი ამბები

ფარმაცევტული კომპანიების მიერ საბოტაჟის მცდელობის შემთხვევაში რეაგირებაც იქნება – აზარაშვილი მედიკამენტების ფასებზე

16 იანვარი, 2023 • 970
ფარმაცევტული კომპანიების მიერ საბოტაჟის მცდელობის შემთხვევაში რეაგირებაც იქნება – აზარაშვილი მედიკამენტების ფასებზე

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ მთავრობას აქვს გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ მედიკამენტების რეფორმის გამო ფარმაცევტულ კომპანიებს “საბოტაჟის მცდელობა” ექნებათ. ამის შესახებ მან დღეს, 16 იანვარს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მან განმარტა, რომ მედიკამენტების მაქსიმალური ფასის განსაზღვრის შემდეგ ქართულ ბაზარზე წამლების დეფიციტის შექმნის მოლოდინი არ აქვთ, თუმცა არ გამორიცხავს “საბოტაჟს”.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რა იგულისხმება “საბოტაჟის მცდელობაში”, მინისტრმა განაცხადა:

“საბოტაჟის მცდელობა ზოგიერთს თუ ექნება, შესაბამისი რეაგირებაც გვექნება. ამას ვგულისხმობ და არა ბიზნესს და მთლიანად სექტორს და ინდუსტრიას”.

მისი თქმით, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან საბოტაჟის მოლოდინი აქვთ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. კერძოდ, აზარაშვილმა ისაუბრა საქართველოში თურქული წარმოების მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიებს საკმარისი რაოდენობის წამლები არ შემოჰქონდათ.

15 თებერვლიდან საქართველოში ძალაში შევა ცვლილება მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების შესახებ, რაც გულისხმობს, რომ ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე, ვალდებული იქნება, რომ წამლები სახელმწიფოს მიერ დადგენილ ზედა ზღვარზე ძვირად არ გაყიდოს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ფარმაცევტულ სექტორს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნება. თუკი სექტორი დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს რომელიმე მედიკამენტის ფასზე, ამას განიხილავს სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო.

მასალების გადაბეჭდვის წესი