ახალი ამბები

ვერაფერსაც დაგვაკლებ, შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე – წულუკიანი სააკაშვილს

15 იანვარი, 2023 • 2332
ვერაფერსაც დაგვაკლებ, შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე – წულუკიანი სააკაშვილს

„თუ მიხეილ სააკაშვილი მისმენს, ვეტყვი, რომ ვერაფერსაც დაგვაკლებ. შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

წულუკიანმა სააკაშვილს „უმძიმესი ქცევების მქონე“ და „უპასუხისმგებლო ადამიანი“ უწოდა და იმ სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა, რომელიც სააკაშვილს მკურნალობს.

ამასთან წულუკიანი გამოეხმაურა „მაგნიტსკის სიის“ ქართულ ანალოგს, რომელის შედგენაზეც სააკაშვილის უფლებადამცელები მუშაობენ და თქვა, რომ „ეს სიები შეუძლიათ, შეადგინონ, მერე კარგად წაიკითხონ და შეინახონ თავიანთ რომელიმე უჯრაში“.

„რაც შეეხება სიას, ჩვენ მაშინ არ შევუშინებივართ ე.წ. სიას, როცა გვეუბნებოდნენ – დაგიჭერთ, დაგაპატიმრებთ, ამოგალპობთ ციხეში, ხელი არ აუკანკალდებოდა არავის, როცა ამას გვეუბნებოდნენ, ქართველ ხალხს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი კრიმინალი ბელადი, რომელიც ახლა სრულიად დამსახურებულად ბრძანდება ორპალატიან საკანში და პრეტენზიები აქვს. მაშინ არ შევუშინებივართ, რადგან ვიცოდით, რომ ვიბრძოდით სიმართლისთვის.

ახლა ეს სიები შეუძლიათ, შეადგინონ, მერე კარგად წაიკითხონ და შეინახონ თავიანთ რომელიმე უჯრაში. ჩვენ მიჩვეული ვართ უკვე ამ სიების შედგენას, რომ ოცნება აქვთ და ნატრულობენ, რომ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, დაიჭერენ ყველა მინისტრს, ექთნებს, ექიმებს, ამოგვალპობენ ყველას ერთად ციხეში.

აი, ახლა თუ მიხეილ სააკაშვილი მისმენს, ვეტყვი, რომ ვერაფერსაც დაგვაკლებ. შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე და კეთილი ინებე, მოიხადე ის სასჯელი, რომელიც მოგისაჯა საქართველოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და რეფორმირებულმა სასამართლომ. ეს არის ჩვენი კანონის, პატივისცემა და აღსრულებაც. ეს არის ჩემი პასუხი. დამღლელია უკვე ამდენი ვითომ მუქარის მოსმენა, რომ ჩვენ დავბრუნდებით და ყველას ამოგალპობთ ციხეში“, – განაცხადა წულუკიანმა.


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ „მაგნიტსკის სიის“ ქართული ანალოგზე მუშაობა გრძელდება.

ხაჭაპურიძის თქმით, სიაზე მუშაობა საქართველოში არ მიმდინარეობს და მის შედგენაზე სააკაშვილის უცხოელი ადვოკატები აშშ-სა და ლონდონში მუშაობენ, თავად კი უცხოელ კოლეგებს იმ ადამიანებზე უგზავნის მტკიცებულებებს, რომლებიც სიაში შეჰყავთ.

ხაჭაპურიძის თქმით, ის სია, რაც ამ დროისთვის არსებობს, გუშინ, 12 იანვარს, სააკაშვილმაც ნახა. როგორც ხაჭაპურიძე ამბობს, სააკაშვილის პოზიციაა, რომ სიაში პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი