ახალი ამბები

სააკაშვილის პოზიციაა, რომ „მაგნიტსკის სიაში“ პოლიტიკოსები არ უნდა მოხვდნენ — ხაჭაპურიძე

13 იანვარი, 2023 • 1014
სააკაშვილის პოზიციაა, რომ „მაგნიტსკის სიაში“ პოლიტიკოსები არ უნდა მოხვდნენ — ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ „მაგნიტსკის სიის“ ქართული ანალოგზე მუშაობა გრძელდება.

ხაჭაპურიძის თქმით, სიაზე მუშაობა საქართველოში არ მიმდინარეობს და მის შედგენაზე სააკაშვილის უცხოელი ადვოკატები აშშ-სა და ლონდონში მუშაობენ, თავად კი უცხოელ კოლეგებს იმ ადამიანებზე უგზავნის მტკიცებულებებს, რომლებიც სიაში შეჰყავთ.

ხაჭაპურიძის თქმით, ის სია, რაც ამ დროისთვის არსებობს, გუშინ, 12 იანვარს, სააკაშვილმაც ნახა. როგორც ხაჭაპურიძე ამბობს, სააკაშვილის პოზიციაა, რომ სიაში პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ.

„სააკაშვილის პოზიცია იყო ის, რომ პოლიტიკოსები არ უნდა მოხვდნენ იმიტომ კი არა, რომ პოლიტიკოსი ხელშეუხებელია ან ასე შემდეგ, არამედ უფრო მეტი ეფექტისთვის, ასე ვთქვათ. საკითხზე მომუშავე უცხოელების პოზიციაა, რომ პოლიტიკოსები შესაძლებელია იყვნენ ამ სიაში. მუშაობა მიდის“, — განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ დღეს.

ამასთან, მისი თქმით, სააკაშვილმა მოითხოვა, რომ სიაში გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმი ნინო გოგორიშვილი დაემატებინათ. ხაჭაპურიძის თქმით, მათ ხელთ არსებული მტკიცებულებებით, ნინო გოგორიშვილმა სააკაშვილი კლინიკიდან ფორმა ასის გარეშე გაწერა და გარკვეული სამედიცინო დოკუმენტაცია დამალა.

თავად გოგორიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის ადვოკატის ბრალდებები საფუძველს მოკლებულია. მისი განმარტებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალობა სახელმწიფო კონსილიუმთან შეთანხმებით მიმდინარეობდა და ხაჭაპურიძის მიზანი ქართველი ექიმების დისკრედიტაციაა.

„მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, მისი გაწერა, წარმოებდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. გარდა ამისა, რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა, რაც თქვენ ახსენეთ, მე ვთვლი, რომ არის საქართველოს ექიმების დისკრედიტაციის მცდელობა. ფორმა ასიც არსებობს, რომელიც არის სამედიცინო დოკუმენტაცია, უზარმაზარი, რომელიც დევს საქმეში“, — განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.


37 წლის სერგეი მაგნიტსკი 2011 წელს, თითქმის ერთი წლის განმავლობაში იყო ციხეში ისე, რომ ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. გავრცელებული ვარაუდით, სამედიცინო პერსონალის მხრიდან უყურადღებობით დაიღუპა – მას პანკრეასის დაავადება ჰქონდა და აუცილებელ მედიკამენტზე უარი უთხრეს. დაღუპულის დედა შემდეგ აცხადებდა, რომ მისი შვილის გვამს ორი თითი მოტეხილი ჰქონდა, ხელებზე კი „შავი და ლურჯი“ ჰემატომები აღენიშნებოდა.

სწორედ ამის შემდეგ შეადგინეს 60- კაციანი სია [მაგნისტსკის სია], რომელიც შეიცავდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლო სისტემისა და „ეფესბეს“ წარმომადგენლების სახელებს. ბროუდერი აცხადებდა, რომ  მაგნიტსკი ამ პირებმა აწამეს და მოკლეს მას შემდეგ, რაც ადვოკატმა გამოააშკარავა მათი მილიონობით ევროს ოდენობის საგადასახადო მაქინაცია.

სწორედ მსგავსი სიის შექმნას ცდილობენ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები. სიის შექმნის თხოვნით „მაგნიტსკის სიის“ ერთ-ერთ ავტორს თავად სააკაშვილმაც მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი