ახალი ამბები

15 თებერვლიდან წამლების ფასის ზედა ზღვარი ყველასთვის სავალდებულო იქნება — მინისტრი

13 იანვარი, 2023 • 1501
15 თებერვლიდან წამლების ფასის ზედა ზღვარი ყველასთვის სავალდებულო იქნება — მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ 15 იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები. 15 თებერვლიდან სრულად შევა ძალაში და ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, რომ მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.

აზარაშვილის კომენტარს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ფარმაცევტულ სექტორს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნება. თუკი სექტორი დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს რომელიმე მედიკამენტის ფასზე, ამას განიხილავს სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო.

პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა კონტროლისა და აღსრულების მექანიზმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციების დამრღვევებს სხვადასხვა ტიპის სანქციები
დაუწესდებათ.

„წამლის კანონში ძალიან მნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმი ჩავდეთ, რომელიც ნებისმიერი საბითუმო თუ საცალო ქსელისთვის ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ რეგულირების სააგენტოს გამოუჩნდეს ნაშთები, მედიკამენტების ჩამონათვალი და ფასები.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია არა მხოლოდ რეფერენტული ფასების მიზნებისთვის, არამედ იმ მიზნებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ელექტრონული რეცეპტების გამოწერასთან, მედიკამენტების მოძრაობასთან ქვეყანაში, ის, რომ არ შეიქმნას
ხელოვნური დეფიციტი და ა.შ.“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყება, პარალელურად მუშაობს წამლის მიკვლევადობის სისტემის შექმნაზე. სისტემის საშუალებით ნებისმიერ პირს და ასევე მარეგულირებელს უჩნდება შესაძლებლობა, შტრიხკოდის საშუალებით მედიკამენტთან დაკავშირებული ინფორმაცია მარტივად მიიღოს.

როგორც აზარაშვილი ამბობს, ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, მოხდეს ფალსიფიცირებული და ვადაგასული მედიკამენტების მიმოქცევის კონტროლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი